ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო - ამ ადამიანებს უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, ის რაც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიციონერები პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივ ქმედებებში, რის შედეგადაც, ქვეყანამ დამატებით ტერიტორიები დაკარგა.
„რეალურად, არაფერი. ეს კიდევ იმის მანიშნებელია, რომ მათ არაფერი დარჩენიათ. ჯერ იყო და არჩევნების შემდეგ იზეიმეს, თუმცა მერე საბოლოოდ რომ გაირკვა, მათ არჩევნები წააგეს, შემდეგ უკვე გადავიდნენ სიცრუის და სიბინძურის კამპანიაზე, რომ თითქოს, ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, თუმცა როგორ, რანაირად, არავინ საუბრობს ამაზე. დღევანდელი ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო. სხვათა შორის, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა და გამოყოფილი იყო ის კონკრეტული რეგიონები, სადაც არჩევნები ჩატარდა. იცით, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და სხვათა შორის, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, ის რაც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს და უბრალოდ ამ ადამიანებს უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, იმიტომ, რომ პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივ ქმედებებში, რის შედეგადაც, ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა დამატებით,“ - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.