კახა კალაძე ოპოზიციაზე:  განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

კახა კალაძე ოპოზიციაზე: განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?!

განადგურებულები და გაფარჩაკებულები არიან! რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ თბილისში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს აქცია გაიმართება.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან.

„არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სიცრუის კამპანია გამოკითხვებთან დაკავშირებით. რეალობას არიან აცდენილები. ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა კამპანიაზეა საუბარი, ეგზიტპოლები გააყალბეს. ყველას და ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავის გარდა. Gen Z-ს ლანძღავდნენ, თურმე Gen Z-მ წააგებინა არჩევნები, რომ არ მივიდნენ. საკუთარ თავს არ ეკითხებიან, რა დააკლეს.

უნდათ ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, სოცმედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები. წარმოუდგენელია.

გამოდიან სერიოზული სახეებით და სისულელეს დააბრეხვებენ, ამომრჩეველი რომ რაღაცაში დაარწმუნონ. უნდათ საპროტესტო მუხტი შექმნან, განადგურებულები, გაფარჩაკებულები არიან, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! შეხედეთ, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნან?! მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ორგანიზებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.

როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.