საინტერესოა ის, რომ გიორგი გახარიამ თავისი ბრალდება დაიწყო სიტყვებით: „ჩვენი ვარაუდით...“ და შემდეგ გააგრძელა. ვარაუდი, ალბათ თანამედროვე ტერმინია ჭორაობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას ბრალდების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პირადობები ჰქონდა და ასეთი დაშინების ფორმით მიიღო მათი მხარდაჭერა.
„გასაგებია, რომ ის ამ საკითხზე ჭორაობს, თუმცა რაც არ არის ჭორი არის ის, რომ პირადად მისი სახელით, ერთდროულად მიუვიდათ მეილები საჯარო მოხელეებს და ამაზე ვისაუბრე ბრიფინგზე, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჩანს მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც მას არ უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, რომ ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი პარტიის წევრები საჯარო სამსახურში იყვნენ, გასარკვევია ხომ არ ჰქონდათ წვდომა ასეთ ბაზებზე, ხომ არ გაიტანეს კანონის დარღვევით და იყენებენ მათ პარტიული დანიშნულებით.
თუ არ ვცდები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო. ამიტომ ჯერ იმას გასცეს პასუხი, რაც ნამდვილად ვიცით, რომ მისი სახელით ყველა საჯარო მოხელეს მიუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს ბაზა, რომელიც არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება იმ ჭორს, რომელსაც ის ავრცელებს, არ არის სერიოზული, რომ ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრი იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.