მმართველ პარტიაში არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის უარს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას გაურბიან.
„საუბრობენ ყველაფერზე, რაც ენაზე მოადგებათ, რასაც მოიფიქრებენ ტოპ-ტვინები ან მათთან ასოცირებული ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს ბატონი თენგო თუ სხვა. მაგრამ, როდესაც მოუწევთ პროკურატურაში გამოცხადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თითოეულ სიტყვაზე იქნებიან პასუხისმგებლები. სწორედ ამ პასუხისმგებლობას გაურბიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ იტყუებიან“, - აცხადებს გორდულაძე.
გამოძიების დაწყების ინიციატივით, პროკურატურას ცესკომ მიმართა. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხის გამოძიება, აშშ-ს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც მოითხოვეს.