სანამ ეს ხალხი არსებობს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოვდუნდეთ, რადგან მობრუნდებიან. ეს ხალხი თუ მობრუნდა უკან, მთავრობაში, გააკეთებენ 7 ნოემბრებსაც, ტელევიზიებსაც დახურავენ - სხვა რამის გაკეთება უბრალოდ არ იციან, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„სანამ სააკაშვილი არსებობს და არის მთავარი ოპოზიციური ძალა; სანამ არსებობენ გვარამიები და ვაშაძეები - ყველას ჰგონია, რომ მარტო გვარამია და სააკაშვილი არიან პირსისხლიანი, რადგან გვარამია ადეიშვილის მოადგილე იყო და სააკაშვილი - პრეზიდენტი, არა! ვაშაძე რეესტრი იყო, რომ ყინავდა ჩვენს აქტივებს და მე ვაშაძის გამო აქტივები მაქვს დაკარგული. ანუ, მერაბიშვილი იჭერდა და ისე ართმევდა აქტივებს, ახალაიები ციხეებში სცემდნენ და ისე ართმევდნენ და გიორგი ვაშაძე რეესტრში ყინავდა და ისე გვართმევდა. ეს იყო ერთი ჯგუფი. ქალბატონები ქუსლებზე და კარგი ინგლისურით, ამ ყველაფერს „აპრავებდნენ“. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, უყვებოდნენ, ყველაფერი რა კარგადაა. „თაიმსის“ სტატიაში წერია, როგორ მოატყუეს გლდანის ციხეში რომ მიიყვანეს და აჩვენეს პოტიომკინის სოფელი, რატომ? იმიტომ, რომ კალმახელიძე დაახვედრეს და ქალბატონები, რომლებიც ახლა ამ პარტიებშია მიმოფანტული, რომლებიც ამ გაუპატიურებას ამართლებდნენ.
ეს ხალხი სანამ იქაა და მთავარი ოპოზიციური ძალაა, ხომ ნახეთ? ახლა იძახიან, მოვიგეთო და მოგვეცითო. კარავში უნდა შევიდნენ, ვერ ამტკიცებენ ვერაფერს, ერთი რამ ვერ დაგვანახეს. მათი დათვლებით, ყოველი მე-5 ხმა გაყალბებული უნდა იყოს და ჯერჯერობით, ერთი ვერ გვანახეს. თუმცა, იძახიან კარავში უნდა შევიდეთ, სანამ ხელისუფლებას არ ჩამაბარებთო.
იმედი მაქვს, რომ ეს ოპოზიცია ქართველი დამფინანსებლებისთვის და მათი უცხოელი მწყემსებისთვის, რაც არიან დაინახეს და ცხოვრებაში ამ ოპოზიციაზე ფსონს არავინ დადებს. თუმცა, სანამ ეს ხალხი არსებობს, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოვდუნდეთ, რადგან მობრუნდებიან. ეს ხალხი თუ მობრუნდა უკან, მთავრობაში, გააკეთებენ 7 ნოემბრებსაც, ტელევიზიებსაც დახურავენ - სხვა რამის გაკეთება უბრალოდ არ იციან. ამას გააკეთებენ ბევრად უფრო ეფექტურად, ისე, როგორც რეალური დიქტატორი უნდა აკეთებდეს და არა დიქტატორი, რომელიც თან დასავლეთს ეთამაშება. ამას გააკეთებენ ბევრად უფრო ლამაზად. ამ ხალხს აქვს ენერგია, ფული, დახმარება, სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთაც და ამიტომ, სანამ ეს ხალხი არსებობს, ეს არის „იმედის“ აბსოლუტური ამოცანა, რომ არ მოვდუნდეთ და ეს ხალხი უკან არ მოვუშვათ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.