ოპოზიციამ რაც უზრუნველყო ქვეყნისთვის, ეს უკვე ვნახეთ ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ და ვნახეთ, რა მოუტანა მათმა რეჟიმმა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა უფლებადამცველმა ლალი აფციაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„300 000 უსასტიკესად ნაწამები პატიმარი ჰყავდა ქვეყანას. რომელ სიმართლესა და უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია. ზოგადად ისინი კიდევ რომ ხმას იღებენ, ჩვენი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების ბრალია და დროა, რომ ეს ლოიალური დამოკიდებულება შეცვალონ.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ყველა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელსაც ისევ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერ ეღირსებით. საქართველოს მოსახლეობა ერთ პროცენტს არ დაუშვებს, რომ ისინი ისევ მობრუნდნენ.
დღეს ოპოზიციის გვერდით 17-18 წლის ბავშვები დგანან და მათ არ ახსოვთ ის ყველაფერი, რაც იმ დროს ხდებოდა. ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც პირველად მათ წინააღმდეგ ხმა ამოვიღე, რაც ხდებოდა საპატიმროებში. ორ იანვარს, ბედობა დღეს პარლამენტის წინ მარტო ვიდექი და ვაპროტესტებდი იმ სასტიკ რეჟიმს.
დეტალებში შემიძლია მოვყვე, როგორი ნაწამები პატიმრები მყავს ჩემი თვალით ნანახი. ამ ყველაფერს მასობრივი სახე ჰქონდა. ყოველ დღე ველოდებით, როდის დათვრებოდა ბაჩო ახალაია და შევარდებოდა რომელიმე ციხეში, ან როდის დათვრებოდა მეგის ქარდავა და ვიღაცას გადატეხავდა ხერხემალში, ეს ყველაფერი ყოველდღე ხდებოდა და მეტი მასობრივად როგორღა უნდა მომხდარიყო.
ეს ყველაფერი იმართებოდა შიშის დანერგვით, ძალადობით, წამებით ცემა-ტყეპით, ჯარის შეყვანით. თქვენ ალბათ გახსოვთ ე.წ. ციხის ბუნტი, რა ხდებოდა მაშინ. სროლის ხმამ რომ გამომაღვიძა და აივნიდან გადავიხედე, საკნებიდან გამომავალი მანათობელი ტყვიები დავინახე. მეტი რა უნდა ყოფილიყო? შიგნით ჩაცხრილეს ადამიანები და ოჯახის წევრები შიშით ხმას ვერ იღებდნენ. ამ ყველაფერზე საუბარი დღეს აუცილებელია“, - აღნიშნა ლალი აფციაურმა.