ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა „იმედის“ დაბრუნებაზე. მახსოვს, ამერიკელებს ვხვდებოდით და იქით მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, გიგა ბოკერია მოვიდა და მითხრა, რომ აბსოლუტურად ტყუილად ირჯები, შანსი არ არის „იმედი“ დაგიბრუნოთო, მაგრამ ჩვენ მაინც დავიბრუნეთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ერთხელ შემოგვიყვანეს „იმედში“, ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი დარბეული იყო, შემოვედით ამერიკის ელჩთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად და ვნახეთ, რომ აპარატურა ისე გამოიყურება, თითქოს არაფერია დაზიანებული. ძალიან გამიკვირდა, მერე მივედი ერთ-ერთ ტექნიკასთან, მოვაბრუნე და დავინახე, რომ უკან აწერია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მეორეს ეწერა „რუსთავი 2“, ანუ წავიდნენ, იმ არხებიდან ამოიღეს აპარატურა, რომ ეჩვენებინათ, ვითომ არაფერი გატეხილა.
ხომ წარმოგიდგენიათ „რუსთავი 2“-ც როგორ კერძო ხელში იყო. დღეს რომ ვინმე მოვიდეს „იმედში“ და გვითხრას აპარატურა გვათხოვეთ, ამერიკელები უნდა მოვატყუოო, ცხადია მსგავს რაღაცას არ დავუშვებთ. იქ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „რუსთავი 2“-ის აპარატურა მოიტანეს, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის ეჩვენებინათ, თითქოს არაფერი დაუმტვრევიათ, ეს ყველაფერი ტყუილი იყო, აგერ დგას მთელი აპარატურა და აგერ არის „იმედი“. უბრალოდ რაღაც კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს და ამიტომ არ ვუშვებთ შიგნით ხალხს. ასეთი ქვეყანა და ასეთი დემოკრატია იყო მაშინ“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.