ირაკლი რუხაძე: 7 ნოემბერი „იმედით“ არ დაწყებულა, „იმედით“ დამთავრდა - ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ „იმედს“ დაარტყამდნენ

ირაკლი რუხაძე: 7 ნოემბერი „იმედით“ არ დაწყებულა, „იმედით“ დამთავრდა - ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ „იმედს“ დაარტყამდნენ

7 ნოემბერი „იმედით“ არ დაწყებულა, „იმედით“ დამთავრდა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ.

მან გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ როგორ განახორციელა შეტევა ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესზე.

„დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ შემოვარდნენ ნიღბიანები მთაწმინდის პარკში. ჩვენ მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციას ვახორციელებდით. რამდენიმე თვით საცდელ რეჟიმში გვქონდა გაშვებული. ანუ, ფაქტობრივად, წაგვართვეს პარკი ისე, რომ გახსნა ვერ მოვასწარით.

ეროვნული ბანკი შევარდა „სტანდარტ ბანკში“ და ჩვენ დეპოზიტარებს ვურეკავდით, რომ დეპოზიტები გაიტანეთ-თქო, რომ დაენგრიათ ბანკი.

საგადასახადო შევიდა „ტელენეტში“ და „ბორჯომში“ და საღამოს ამ ყველაფრის კულმინაცია მოხდა „იმედში“, როდესაც სასამართლომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება. ანუ, ეს იყო დაგეგმილი ერთი ტვინიდან და ეს ტვინი რა თქმა უნდა, იყო სააკაშვილი. ამოცანა იყო, როგორ დაენგრიათ ბადრი პატარკაციშვილის ეს ბიზნესიმპერიაც, მაგრამ ასევე, რაც მთავარია, „იმედი“ და ეს მათ წარმატებით მოახერხეს ერთ დღეში.

„იმედს“ დაარტყამენ-თქო, გიორგი თარგამაძეს ვუთხარი, გარეთ კამერები დაეყენებინა. რომ წამოვიდოდა ხალხი, ეს გვეჩვენებინა, რატომღაც ეს არ გაკეთდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს „იმედის“ გამო ხდებოდა და „იმედს“ დაარტყამდნენ“, - აღნიშნა რუხაძემ.