34 წლის ნინა დობრევი სნოუბორდინგის ოლიმპიურ ჩემპიონზე, 36 წლის შონ ვაითზე დაინიშნა. როგორც ირკვევა, ვაითმა მსახიობს ხელი 5-კარატიანი ბეჭდით ნიუ-იორკში, რესტორან Golden Swan-ში სთხოვა.
შონ ვაითს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნის განსაკუთრებული გეგმა ჰქონდა. სნოუბორდერმა თავის პუბლიცისტს დობრევთან ოფიციალური წერილი გააგზავნინა, სადაც ეწერა, რომ მსახიობი Vogue-ს ვახშამზე იყო მიწვეული ანა ვინტურთან ერთად. როცა ნინა რესტორანში მივიდა, აღმოაჩინა, რომ იქ არავინ იყო ვაითისა და ფოტოგრაფის გარდა. "მან ყველა სწორი სიტყვა მითხრა," — აღნიშნავს დობრევი.
"შოკში ვიყავი. გავიყინე და მას ვაშტერდებოდი" — განუცხადა დობრევმა ჟურნალ Vogue-ს და აღნიშნა, რომ ხელის თხოვნა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ საღამოს წყვილმა ბედნიერება მეგობრებთან ერთად აღნიშნა და, როგორც დობრევი ჰყვება, ხიზილალისა და შამპანურის მირთმევის შემდეგ რესტორანში ბურგერები მიირთვეს.
დობრევი და ვაითი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და მათი ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამაც ამ დროს შეიტყო.