ცოტა ხნის წინ ამერიკის კოსმოსურმა უწყებამ ხანგრძლივი ექსპერიმენტის ჩატარებაში მონაწილეობისთვის მოხალისეების აყვანის შესახებ გამოაცხადა. ექსპერიმენტის მიზანია მარსის მომავალი დამპყრობლების კვების სისტემის დამუშავება.
როგორც კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯინ ჰანტერმა განაცხადა, ექსპერიმენტში იგულისხმება ოთხი თვის განმავლობაში ექვსი ადამიანის იზოლირება შენობაში, რომელიც კოსმოსური ხომალდის იმიტაცია იქნება. შენობა კი, აიგება ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა.
განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 29 თებერვალს შეწყდება. ღირსეული კანდიდატების შერჩევა მაისის ბოლოსთვის განხორციელდება, ხოლო თვით ექსპერიმენტის ჩატარება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ „ნასა“, ჰავაის შტატისა და კორნელის უნივერსიტეტები.
მკვლევრებს სურთ, განსაზღვრონ იმ პროდუქტების კრებული, რომლებიც ხელს შეუწყობს ასტრონავტებს მისიის შესრულებას მარსზე ექსპედიციის დროს. ყოველი პროდუქტი ყველა საჭირო ნივთიერებას უნდა შეიცავდეს და იყოს ისეთი, რომ მისიის მთელი სამი წლის განმავლობაში ასტრონავტებს არ მოსწყინდეთ მათი ჭამა.
ექსპედიცია მარსამდე მისვლას ექვს თვეს მოანდომებს, უკანაც – ექვს თვეს, პლუს – მარსზე ყოფნის ორი წელი.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტები კარგად იკვებებოდნენ, – აღნიშნა პროფესორმა, – ამაზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოება და მისიის წარმატება“.
ექსპერიმენტის მონაწილეთა განკარგულებაში იქნება ის მზა საკვები პროდუქტები, რომლითაც ახლა მარაგდებიან ასტრონავტები, აგრეთვე, ზოგიერთი ხანგრძლივად შენახვადი პროდუქტი, კერძოდ ფქვილი, შაქარი და სუბლიმაციურად გამშრალი ხორცი, ესე იგი, მათ საშუალება მიეცემათ, თვითონ მოიმზადონ საკვები.