ნიუ-ჯერსიში, პატერსონის საჯარო ბიბლიოთეკაში დააბრუნეს წიგნი, რომელიც იქიდან 101 წლის წინ გაიტანეს.
სააგენტო UPI-ს ინფორმაციით, უილიამ შექსპირის „ჰენრი მეხუთის ცხოვრება“ არლინ დელეიმ ბიბლიოთეკიდან 1923 წელს გაიტანა. ცოტა ხნის წინ კი წიგნი მისმა შვილიშვილმა სინტიამ აღმოაჩინა, როდესაც გარდაცვლილი ბებიის ნივთებს ახარისხებდა. გოგონა ბიბლიოთეკას დაუკავშირდა და წიგნის დაბრუნების შესახებ შეუთანხმდა.
ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, რომ მსგავს ვითარებაში პირველად აღმოჩნდნენ, თუმცა ხაზს უსვამენ იმასაც, რომ წიგნების დაბრუნება გვიანი არასოდესაა.
1910 წელს გამოშვებული ეგზემპლარი იშვიათად ითვლება, რადგან შეზღუდული ტირაჟით გამოიცა და კოლექციონერებს შორის ძვირად ფასობს.