„მონცას“ შემტევმა ნახევარმცველმა დანიელ მალდინიმ იტალიის ნაკრებში დებიუტიდან მიღებული ემოციები გააზიარა. ფეხბურთელი მოედანზე უეფას ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ტურის ისრაელთან (4:1) მატჩის 73-ე წუთზე გამოჩნდა.
„ეს იყო განსაკუთრებული, დადებითი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ მოედანზე გავედი და მატჩმა კარგად ჩაიარა. მათ გოლამდე ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებდით მატჩს, შემდეგ კი ჩვენი თამაშის შენარჩუნება მოვახერხეთ.
იმედია მეტ ხარისხს შევძენ გუნდს, ვეცდები დავეხმარო რითაც შემიძლია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მშობლები აქ მოვიდნენ, შინ დაბრუნებისას ყველაფერს განვიხილავთ“, - ციტირებს მალდინის სიტყვებს Sky Sport Italia.
შეგახსენებთ, რომ დანიელი მესამე მალდინია, ვინც „სკუადრა აძურას“ მაისურა მოირგო. მანამდე „ცისფერი გუნდის“ ღირსებას ბაბუამისი - ჩეზარე (1960-63), შემდეგ კი მამა - პაოლო (1988-2002) იცავდნენ.