გურამ კაშია:

გურამ კაშია: "გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიცაა"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ უკრაინასთან მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა.

"თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.