უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა და უპასუხა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბევრი თამაშის გამო პროტესტს გამოხატავენ.
როგორც სლოვენიელმა თქვა, კალენდარზე მხოლოდ ის ფეხბურთელები წუწუნებენ, რომლებსაც ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ.
„უნდა შევეგუოთ, რომ მატჩების კალენდარმა ლიმიტს მიაღწია, მაგრამ გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში არიან, ზოგს ჰყავს რეზერვი, ზოგს - არა. ორი თვის წინ ვთქვი, რომ მეტი მატჩისთვის ადგილი არ არის და ახლაც ამას ვფიქრობ, მაგრამ უნდა დავამატო: ვინ ჩივის გადატვირთულ კალენდარზე? ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელები და ის გუნდები, სადაც უმაღლესი დონის 25 ფეხბურთელია. დაბალი ხელფასის მქონე ფეხბურთელები და გუნდები, სადაც მხოლოდ 11 ფეხბურთელი ჰყავთ, არ წუწუნებენ, მათ თამაში უყვართ“, - თქვა ჩეფერინმა.