55 წლის ბარბი დაბერებას არ აპირებს

55 წლის ბარბი დაბერებას არ აპირებს

ბარბის ისტორია 1959 წელს დაიწყო, როდესაც პოლონელმა ემიგრანტმა რუთ ჰენდლერმა და მისმა მეუღლე ელიოტმა ნიუ იორკის ბაზარზე წარმოადგინეს სათამაშოს სრულიად ახალი ტიპი – თოჯინა გრძელი ფეხებითა და დიდი მკერდით. ცოტამ თუ იცის, რომ ბარბის ერთ–ერთი პროტოტიპია გერმანული თოჯინა, სახელად ბილდ ლილი, რომელიც ეროტიკული კომიქსების მიხედვით შეიქმნა, ხოლო სახელი ბარბი თოჯინამ რუთის გოგონას, ბარბარასგან მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ბარბი საკმაოდ ცუდად იყიდებოდა და კრიტიკასაც იმსახურებდა თავისი მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმების გამო, თანდათანობით გაყიდვებმა იმატა. მანამდე ბაზარზე თოჯინების უმეტესობა წარმოდგენილი იყო თოჯინა–ახალშობილის ან თოჯინა–ბავშვის სახით. 1959 წლის ბოლოსთვის უკვე ბარბის 350 ათასი ეგზემპლარი იყო გაყიდული.

დღეს ბარბის გარეგნობაზე 50 დიზაინერი და 12 საშტატო სტილისტი მუშაობს, ხოლო მის უფლებებს 100–ზე მეტი იურისტი იცავს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიაში 35 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წლიური გაყიდვების 90% თოჯინის ახალ მოდელებზე მოდის, რომელიც კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ ქერა ფოტომოდელი.

თავისი არსებობის განმავლობაში ბარბიმ ასზე მეტი პროფესია შეიძინა – იყო სტიუარდესა, აერობიკის ინსტრუქტორი, ტელეწამყვანი და სამხედრო–საზღვაო ფლოტის ოფიცერიც კი. პერიოდულად იგი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელიც ხდებოდა – იტალიელი, იაპონელი, კორეელი, აფროამერიკელი და ესკიმოსიც კი. მისი გარდერობი რეგულარულად ივსება არმანის, ჟივანშის, კელვინ კლაინის, დიორის, ვივიენ ვესტვუდისა და სხვა დიზაინერების უახლესი სამოსით.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ბარბი ყველაზე პოპულარული თოჯინაა ევროპულ ქვეყნებში. მართალია, კონკურენტი თოჯინა ბრატცის გაყიდვებმა 2005 წელს ბარბისას გადააჭარბა, მაგრამ ერთ წელიწადში ის ისევ უპირობო ლიდერი გახდა.

ბარბი მსოფლიოს ყველა კუთხეშია პოპულარული. მაგალითად, ბარბისთან 725 ათასი პუერტორიკოელი და 495 ათასი ჩილელი ბავშვი თამაშობს. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე ისლამური ქვეყანაა, მაგალითად, საუდის არაბეთი და ირანი, სადაც ბარბის გაყიდვა შეზღუდულია, მაგრამ იქაც კი დახლებიდან ამ სათამაშოს ძირფესვიანი აღმოფხვრა ვერ მოახერხეს.

საინტერესოა, რომ საზოგადოება, რომელმაც ეს სათამაშო იდეალის რანგში აიყვანა, სულ უფრო მეტად აპროტესტებს მის ერთობ მრგვალ ფორმებს და სხვადასხვა გადახრებს. მაგალითად, სან ფრანცისკოში ყოველ წელიწადს იმართება გაუმჯობესებული ბარბის გამოფენა, სადაც შესაძლებელია ლესბოსელი ბარბის ნახვა, ან მისი გეი მეგობრის გაცნობა. გაგიკვირდებათ და, შესაძლებელია ბარბი ყრუ–მუნჯის ამპლუაშიც კი იხილოთ.

ვნახოთ, რა ცვლილებებს შეიტანენ მომავალში ამ პოპულარულ თოჯინაში და რა სიურპრიზს მოუმზადებს ის პატარებს.