კრისტოფერ ნოლანი ახალ ფილმზე მუშაობს — მთავარ როლზე მეთ დეიმონი განიხილება

კრისტოფერ ნოლანი ახალ ფილმზე მუშაობს — მთავარ როლზე მეთ დეიმონი განიხილება

ოპენჰაიმერის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ კრიტოფერ ნოლანმა ახალ ფილმზე მუშაობა დაიწყო. Universal Pictures-თან თანამშრომლობით ოსკაროსანი რეჟისორი თავის მეცამეტე ფილმზე მუშაობს და, წყაროების ცნობით, ერთ-ერთ როლზე მეთ დეიმონს განიხილავს.

Universal Pictures-ის ცნობით, ფილმის გამოსვლის თარიღად 2026 წლის ივლისს განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაღებები 2025 წელს დაიწყება. ფილმის სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა, ჰოლივუდში ჭორები დადის, რომ ნოლანის ახალი პროექტი მამისა და ვაჟის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

თუ ნოლანსა და დეიმონს შორის შეთანხმება შედგება, ეს მეთ დეიმონისთვის რეჟისორთან მესამე კოლაბორაცია იქნება. ის უკვე ვიხილეთ ოპენჰაიმერში და Interstellar-ში.

აღსანიშნავია, რომ ნოლანს ერთსა და იმავე მსახიობებთან თანამშრომლობა და შემდეგ მათ მთავარ როლზე დამტკიცება სჩვევია. ასე მოხდა ბრიტანელი მსახიობის, კილიან მერფის შემთხვევაშიც, რომელიც ეპიზოდურ როლებში მის რამდენიმე ფილმში ვიხილეთ, იქამდე, სანამ ატომური ბომბის შემქმნელი მეცნიერის როლში მოგვევლინებოდა ოპენჰაიმერში და ოსკარსაც მოიგებდა.