უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ავსტრიელი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი იულიან ვაინბერგერი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები ანდრეას ჰაინდენრაიხი და მაქსიმილიან კოლბიტში. მეოთხე მსაჯის ფუნქციას სტეფან ებნერი შეასრულებს.
39 წლის ვაინბერგერმა ბოლოს გრაცის „შტურმის“ და „ზალცბურგის“ მატჩი იმსაჯა, რომელშიც ოთარ კიტეიშვილმაც ითამაშა. ავსტრიელი საქართველოს ნაკრების მატჩზე პირველად იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა სექტემბერში ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა, ხოლო მომდევნო ორ მატჩს 11 ოქტომბერს, პოზნანში, უკრაინასთან და 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან აქამდე 9-ჯერ უთამაშია და მოგება არ აქვს - 3 ფრე, 6 წაგება.