საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თურქმენეთის 17-წლამდე ნაკრებთან გამარჯვებით (0:4) დაასრულა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
უზბეკეთთან მატჩის მსგავსად, თურქმენეთთან შეხვედრაშიც, ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მე-16-ე წუთზე, გიორგი ლაგვილავას გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე გოლი გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელმაც ტურნირზე თავისი მესამე გოლის გატანა შეძლო.
შეხვედრის მიწურულს, თავი ალექსანდრე კუნჭულიამ და ანდრია ჩხაიძემ გამოიჩინეს. ჩხაიძემ, 95-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შეტევაში კვარაცხელია-მიქაუტაძის წყვილი თამაშობდა: თორნიკე კვარაცხელია და სანდრო მიქაუტაძე.
სანდრო კობახიძის გუნდი, 2025 წლის შემოდგომაზე გასამართი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩებისთვის გააგრძელებს მზადებას.