ოჯახის შექმნის მერე, მამაკაცების ცხოვრებაში ორი ქალი ჩნდება – ცოლი და... ვერ გამოიცანით! საყვარელი არაფერ შუაშია და მისი გამოჩენა არც არის სავალდებულო.
აი, სიდედრი კი, ზოგჯერ აუცილებელი „ატრიბუტი“ ხდება ოჯახური ჰარმონიისა. დავიწყოთ იმით, რომ ვიღაცამ სიდედრებს სახელი შეგნებულად გაუტეხა და ისინი სიძეების შესაშინებელ „ბუებად“ აქცია.
სინამდვილეში სიდედრებს ძალიან უყვართ საკუთარი სიძეები და მათ თავგამოდებით იცავენ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, პრაქტიკულად, არც ერთ დედას არ უნდა, რომ მის ქალიშვილს ოჯახი დაენგრეს.
დღესაც ჩვენში ისევ ძლიერია საზოგადოების აზრზე დამოკიდებულება – „რას იტყვის ხალხი“ მეტ-ნაკლებად აქტუალური რჩება. ქმრის დედა, ანუ დედამთილი შედარებით „დაცულია“. კაცს ხომ მეტი ეპატიება და არც დანგრეული ოჯახია მისთვის „გრეხი“. „რა მოხდა, არ გაუმართლა ბიჭს! ვის არ მოსვლია შეცდომა?!“ ასე რომ, შევთანხმდეთ: სიდედრი უფროა ოჯახის ერთიანობას, სიმტკიცეს „გადაფარებული“ ფარი, ვიდრე დედამთილი.
შესაბამისად, ის სიძის მტერი ვერ იქნება. თუ ეს თვითონ სიძემ არ მოინდომა და ძალიან არ შეეცადა. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. განა რას მოითხოვს სიდედრი ისეთს, ამ მოთხოვნის შესრულება ვერ შეძლოთ?!
მთავარია, გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ მის ქალიშვილს. არ დააყვედროთ ერთი ფინჯანი ყავა, როცა თქვენთან სტუმრად მოვა და არ მოყვეთ მისი თანდასწრებით სისაძაგლეები სიდედრებზე. სულ ეს არის... კარგი იქნება, თუ თქვენთვის დაბადების დღეზე ნაჩუქარ პერანგს, მეზობლის, ან უარესი – მეეზოვის ტანზე არ აღმოაჩენს. დანარჩენი მოგვარდება!