ბრიტანული როკ ბენდის Coldplay-ის კონცერტის ბილეთებს ინდოეთში გადამყიდველები 10 000 დოლარად ჰყიდიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ბენდმა, ტურის ფარგლებში, მუმბაიში კონცერტები დააანონსა. კონცერტი მომავალ წელს გაიმართება, თუმცა ბილეთების გაყიდვა ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელი იყო. გაყიდვების დაწყებიდან ბილეთები რამდენიმე წუთში ამოიყიდა. მათი საშუალო
ღირებულება 2 500 რუპიიდან 12 000-მდე მერყეობდა.
10 მილიონზე მეტი ადამიანი ცდილობდა 180 000 ბილეთის ყიდვას, რამაც ოფიციალურ საიტს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
ბენდის ფანებმა საიტის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. გარდა ამისა დაფიქსირდა ფაქტი, რომ ოფიციალურ საიტებზე ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე, გადამყიდველები ბილეთებს ინტერნეტში უკვე ჰყიდდნენ, თანაც ხუთჯერ ძვირად. Coldplay-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასები გადამყიდველებთან 900 000 რუპიამდე აღწევს, რაც 10 000 დოლარს უდრის.