ტიმ როთი „ალესილ კეპებში“ ითამაშებს

ტიმ როთი „ალესილ კეპებში“ ითამაშებს

ტიმ როთი „ალესილ კეპებში“ გამოჩნდება. მსახიობი ითამაშებს ფილმში, რომელიც ამავე სახელწოდების სერიალის გაგრძელება იქნება. დეტალები მისი პერსონაჟის შესახებ ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ცნობილია, რომ ტომ შელბის როლს ფილმში კილიან მერფი დაუბრუნდება, სურათში ასევე ითამაშებენ რებეკა ფერგიუსონი და ბარი კეოგანი. მოვლენები ფილმში მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება.

ფილმის რეჟისორი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ტომ ჰარპერი იქნება, რომელმაც სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე სერია გადაიღო. სცენარი კი „ალესილი კეპების“ ავტორმა სტივენ ნაითმა დაწერა. ის, მერფისთან ერთად ფილმის პროდიუსერიც იქნება.

სერიალი „ალესილი კეპები“, რომელიც შელბების ოჯახის კრიმინალურ კლანზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა. 5 წლის შემდეგ პროექტი BAFTA-ს ვერსიით საუკეთესო ბრიტანული შოუ გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მიიღო პრემია National Television Awards, როგორც საუკეთესო დრამატულმა სერიალმა.

გადაღებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.