"რა საჭიროა? ფილმები ხომ შესანიშნავი იყო" — რიჩარდ ჰარისის შვილი ჰარი პოტერის სერიალზე 

ჰარი პოტერის სერიალის ამბავმა შეიძლება ბევრი პოტერჰედი აღაფრთოვანა, მაგრამ ეს სიახლე ზოგიერთისთვის არცთუ სასიხარულო აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს მოარული ხმები დადასტურდა და გაირკვა, რომ HBO ჯოან როულინგის ფენტეზი საგის მორიგ ეკრანიზაციას იწყებდა, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებს ახალი პროექტი ფილმების ეფექტი გაიმეოროს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანია მსახიობი ჯარედ ჰარისი — კინოვარსკვლავ რიჩარდ ჰარისის შვილი. რიჩარდ ჰარისმა ჰარი პოტერის პირველ ორ ფილმში ალბუს დამბლდორი განასახიერა, 2002 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი, იგი ამ როლზე მაიკლ გემბონმა ჩაანაცვლა.

ჯარედ ჰარისს, რომელსაც მაყურებელი Mad Men-იდან და Chernobyl-იდან იცნობს, უახლეს ინტერვიუში ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა დამბლდორის როლს მომავალ სერიალში, რაზეც მსახიობმა დელიკატური უარით უპასუხა.

"არა, გმადლობთ", — თქვა ჰარისმა, — "საერთოდაც, [სერიალი] რა საჭიროა? არ მესმის. ფილმები ხომ შესანიშნავი იყო. თავი დაანებეთ".

სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ჯარედმა აღნიშნა, რომ პოტერიადის კინოეკრანიზაციაში პირველწყაროს საკმაო ნაწილი გამოტოვეს, სერიალში კი, ფორმატიდან გამომდინარე, ამ დაკარგულის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ჰარი პოტერის თითოეულ წიგნს ხომ ერთი სეზონი დაეთმობა.

შეიძლება ჯარედ ჰარისი დამბლდორის განსახიერებით დაინტერესებული არაა, მაგრამ ამ როლს სიამოვნებით შეასრულებდა ოსკაროსანი გარი ოლდმანი, რომელმაც პოტერიადის ფილმებში სირიუს ბლექი ითამაშა. ფანები აქტიურად განიხილავენ იმასაც, რომ სერიალში ლორდი ვოლდემორის როლი შეიძლება კილიან მერფის ერგოს.

აი, სერიალზე კი მაინცდამაინც ბევრი რამ ჯერ ისევ არაა ცნობილი. პროექტისთვის HBO-მ მსახიობების შერჩევა უკვე დაიწყო. ვიცით ისიც, რომ სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს. ამასთან, ბოლო ცნობებით, საპილოტე ეპიზოდის სცენარიც დაწერილია.

ჰარი პოტერი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნების სერიაა. ის თარგმნილია 87 ენაზე და მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. შვიდწიგნეულის მიხედვით გადაღებული რვავე ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.