პარკირების გამოწერილი ჯარიმებისა და ბიზნესის უკმაყოფილება ერთნაირად მზარდია

პარკირების გამოწერილი ჯარიმებისა და ბიზნესის უკმაყოფილება ერთნაირად მზარდია

თბილისში პარკირებაზე 8 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 11.8 მლნ ლარს გადააჭარბა. როგორც ჩანს, წელს დამატებით 10%-ით გაიზრდება ჯარიმების მოცულობა. ასეთი სტატისტიკიდან ის ჩანს, რომ დაჯარიმებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც უკვე მოსახლეობის გარდა, ბიზნესსაც უქმნის პრობლემას. ამ მხრივ უკმაყოფილება მუდმივად მზარდია.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 11 836 042 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 11 288 954 ლარი.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 151.273 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 7 თვეში - 140.370 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა. აქედან და ზოგადი სურათიდან გამომდინარე, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი თბილისში შემცირებული საპარკინგე ადგილებისა და გაზრდილი ჯარიმების შესახებ საკუთარ დასკვნას ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო, 2023 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელი 26 994-მდე შემცირდა.

მერიის აქცენტი ზონალურ - საათობრივ და სტანდარტულ პარკირებაზე გადავიდა - „სითი პარკის გასვლის შემდეგ, 2018-2023 წლებში თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შემცირდა 5263 ერთეულით - 16% ით, ხოლო 2018–2023 წლებში პარკირების ჯარიმების რაოდენობა 7.3-ჯერ გაიზარდა;

მხოლოდ ერთ წელიწადში - 2023 წელს 2022 წელთან შედარებით - 260%-ით გაიზარდა პარკირების ჯარიმები. პარკირების ჯარიმები 2018 წელს - 2.6 მლნ ლარი, 2023 წელს - 19 მლნ ლარით, 2024 წელს დამატებით 10%-ით გაიზრდება ჯარიმების მოცულობა“, - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში.

მოსახლეობის გარდა, პარკირების არანორმალურად გაზრდილ ჯარიმებზე გამუდმებით ჩივის ბიზნესიც. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. საპარკინგე ადგილების არარსებობის პირობებში ქვეყნის ორ ყველაზე მსხვილ პურის მწარმოებელ კომპანიას თვეში 20 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დაუგროვდა. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ბიზნესი იძულებულია გაზრდილი ხარჯები პურის ფასში ასახონ.

ეს არ არის წვრილმანი პრობლემა. მესმის, რომ ქალაქში უნდა მოწესრიგდეს დისტრიბუცია - მიწოდება, ქალაქი გადაიტვირთა, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება სადისტრიბუციო მანქანებზე ჯარიმების წერით ვერ მოგვარდება. იფქლი დიღომს დაახლოებით 23 ათასი ლარის ჯარიმა აქვს ერთ თვეში გამოწერილი, ეს ხომ პროდუქციის თვითღირებულებას დააწვება. ასევე იფქლი გლდანი, ისიც დიდი წარმოებაა, იქ კიდევ უფრო მეტია, 25 ათას ლარს ასცდა ჯარიმების რაოდენობა.

ამან გამოიწვია დიდი უსიამოვნებაა. სამჯერ დააჯარიმო დისტრიბუცია იმის გამო, რომ პური მიიტანა და კეთილის საქმე გააკეთა, უბრალოდ, ამაზე უნდა იფიქროს ვიღაცამ, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

პრობლემას ადასტურებს იფქლი დიღომის გენერალური დირექტორიც. ნისან იოსებაშვილის თქმით, ბიზნესი იძულებულია ხარჯები პურის ფასში გაითვალისწინოს.

5 წუთი რომ გააჩერო არ არის ადგილი, სულ არის ამკრძალავი ნიშნები ჩამოკიდებული. ჯარიმები, რაც იწერება, აისახება პურის ფასზე. სხვა კომპანიები თუ 15 ათასის ჯარიმაზე ადიან, მათ ჰყავთ პირობითად 50 სადისტრიბუციო მანქანა, ჩვენთან რომ არის 200 მანქანა, ავდივართ 20 ათასზე და მეტზე, - განუცხადა ბიზნეს მედიას იოსებაშვილმა.

რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური ვიდეოკამერა. შედეგად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში თვეში პარკირების ჯარიმა 10-დან 15 ათას ლარს აჭარბებს.