მსოფლიოში კვლავ ხორბლის გაძვირების ნიშნებია. საქმე ისაა, რომ გვალვამ მოსავლიანობა მკვეთრად შეამცირა. საქართველოში კი ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. ამაზე ცოტა უკვე სათვალავშიც აღარ მიიღება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხორბლის მსოფლიო ფასები თითქმის 20%-ით გაიზარდა: გვალვა ანალიტიკოსებს აიძულებს, მოსავლის პროგნოზები შეამცირონ.
ცხელმა ამინდებმა დასავლეთ ევროპა, რუსეთის ვოლგისპირეთი და ყაზახეთი მოიცვა - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც თურქეთთან ერთად მსოფლიოს ხორბლის მოსავლის 45%-ით უზრუნველყოფენ..
საბირჟო ფიუჩერსების ფასებმა ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია. ამჟამად 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,3 დოლარს გადასცდა. ეს წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა როგორც ჩანს, არა უმაღლესი. ექსპერტების აზრით, ფასების ზრდა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ 3 წლის წინათ იყო პერიოდი როდესაც 1 ბუშელი ხორბალი წარმოუდგენლად ძვირი ღირდა - 12,5 დოლარი. მაშინდელმა მოუსავლიანობამ და ფასთა სიძვირებამ 30-წლიანი რეკორდი დაამხო. მას შემდეგ ფასები გამესამედდა, თუმცა ყოველწლიურად არსებობს შიში, რომ ხორბლის კრიზისი კვლავ გამეორდება..
სხვათა შორის, არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და თუკი გვალვა კვლავაც გაგრძელდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, მსოფლიო ბირჟებზე ფასი როგორ მოიმატებს.
უამინდობის გამო რუსეთში მოსავლის აღების ოფიციალური პროგნოზი 90-დან 85 მილიონ ტონამდე შემცირდა და უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა კიდევ დაიკლოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულ ხორბალზე ფასები 20 დოლარით გაიზარდა…
გვალვის გამო რუსეთის 14 რეგიონში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. რუსი ექსპერტების თქმით, საექსპორტო ფასები მარცვლეულზე, შესაძლოა, 20%-ით გაიზარდოს, შიდა ფასებმა კი 30%-ით მოიმატოს.
როდესაც მსოფლიოში მოსავალი ჭარბადაც მოდიოდა, საქართველოში ყოველწლიურად მცირდებოდა. ჰოდა, ახლა როცა სხვაგან გაჭირვებაა, ჩვენთან რაღა იქნება? ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოში წლეულს ხორბლის მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ იქნება...
თუ შარშან ქვეყანამ 80 ათასი ტონა ხორბალი მოიწია, წლეულს, დაახლოებით, 40-45 ათასი ტონა იქნება. ქვეყანა 90%-ზე მეტ იმპორტირებულ ხორბალს მოიხმარს. საქართველოში ყოველწლიურად 600-700 ათასი ტონა ხორბალი და ფქვილი შემოდის.
მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე არკადი მექერიშვილიც ადასტურებს, რომ კახეთში ხორბლის ცუდი მოსავალი მოვიდა. მისი თქმით, ცუდი ამინდების გარდა, მოსავლიანობა მღრნელების გამოჩენამაც შეამცირა, რომლებმაც გარკვეული ფართობები მთლიანად გააფუჭეს..
“წლეულს კახეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა. ჯერ სეტყვა მოვიდა, შემდეგ ყანას თაგვი შეესია და მისავალი გააფუჭა. ჯერ ალოობა არ დასრულებულა, თუმცა მოსავალთან დაკავშირებით ცუდი მოლოდინი არსებობს”, - ამბობს არკადი მექერიშვილი.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, საქართველოში ხორბლის მოხმარების პროცესში კახეთში მოყვანილ მოსავალს 7% უკავია, ამასთან ქვეყანაში დათესილი ხორბლის 50 პროცენტი კახეთში მოდის. მისი თქმით, ხორბლის მოსავალი რეგიონში წლეულს მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ნაწილი სტიქიური მოვლენების, ნაწილი კი მღრღნელების მიერ განადგურდა. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში არის შემთხვევები, როდესაც გლეხებმა ყანები მიატოვეს, მიზეზი კი დაბალი მოსავლიანობაა, რაც გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს.