1990 წლის მუნდიალის გმირი, სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა

1990 წლის მუნდიალის გმირი, სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი სალვატორე (ტოტო) სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სკილაჩის მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა, ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, ტოტოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სალვატორე სკილაჩი 1964 წელს პალერმოში დაიბადა და მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა. მან კარიერის განმავლობაში „მესინაში“, „იუვენტუსში“, „ინტერსა“ და „ჯუბილო ივატაში“ ითამაშა, ხოლო 1990-1991 წლებში იტალიის ნაკრებში 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ 7 გოლიდან 6 ტოტომ 1990 წლის მუნდიალზე გაიტანა, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა. სკილაჩი თავიდან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ იმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისე მოუმატა, რომ საბოლოოდ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. 1990 წელს ოქროს ბურთზე სკილაჩიმ მეორე ადგილი დაიკავა.