„დასავლეთში მწიფდება განწყობა, რომ ყველაფერი გააკეთონ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად“

„დასავლეთში მწიფდება განწყობა, რომ ყველაფერი გააკეთონ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად“

ქართულ ოცნებას სურს მაქსიმალური კაპიტალიზაცია მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და რეიტინგზე, რომელიც მას საზოგადოებაში აქვს, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში მმართველი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დასახელება.

როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს საზოგადეობაში მაღალი რეიტინგი ისევ აქვს?

ზაალ ანჯაფარიძე: რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და გავლენა არსებობს, ვინც არ უნდა ილაპარაკოს ამის თაობაზე - რომ არ ყოფილიყო, ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად არ დაასახელებდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვები მოხსნილია - ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ოცნებას სურს მაქსიმალური კაპიტალიზაცია მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტსა და რეიტინგზე, რომელიც მას საზოგადოებაში აქვს.

როგორც ვიცით, საარჩევნო სიაში ასევე არიან სპორტსმენები, როგორიცაა ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი. რამდენად სწორია მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ქართული ოცნების მხრიდან და იყენებს თუ არა მმართველო პოლიტიკური ძალა სპორტსმენების გავლენასა და რეიტინგს?

- წინასაარჩევნო კამპანიას აქვს თავისი პოლიტიკური და პოლიტ-ტექნოლოგიური კომპონენტი. ქართულმა ოცნებამ მსგავს მეთოდს მიმართა წინა არჩევნების დროსაც, როდესაც საარჩევნო სიაში იყვნენ კალათბურთელებიც, რის შედეგადაც შესაძლოა, ამომრჩეველთა ნაწილი მიემხრო მას. იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ახლაც.

ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა წრეებში ხშირად საუბრობენ, რომ დღეს ქართული ოცნების რეიტინგი არ აღემატება 35%-. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება და მმართველ პოლიტიკურ ძალას 25%-ზე მეტის აღება ვერ უწინასწარმეტყველა. რთულია საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევების გარეშე, თუმცა, როგორ ფიქრობთ, დაეცა თუ არა ქართული ოცნების რეიტინგი?

- ყველა პოლიტიკური ძალა, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამომრჩევლის წინაშე გამოასხივოს გამარჯვების რწმენა, შესაბამისად, ეს გზავნილი, რომ ქართულ ოცნებას აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის გონებასა და მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს ეს ციფრი - ქართული ოცნება სარგებლოს 60%-იანი მხარდაჭერით. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდანაც იგივე პოლიტ-ტექნოლოგიური სქემით მიდის იმ ნარატივის გავრცელება, რომ ქართული ოცნება ვერ იღებს 25%-ზე მეტს - ისინი ცდილობენ, რომ ამომრჩევლის გონებაში ჩაიბეჭდო სწორედ ეს ციფრი. ეს არის წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, როდესაც დაპირისპირებული ძალები ცდილობენ მათი მეტოქის პოლიტიკურად დაკნინებას.

ხშირად არის საუბარი პოლიტიკური დებატების მოწყობაზე. გვახსოვს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილთან დებატების შესახებ. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი გახარიასთან დებატებს დათანხმდება?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამის შანსი არის ნულოვანი. საქართველოში, განსხვავებით აშშ-სგან, არ არსებობს პოლიტიკური დებატების სტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე რამდენიმე ტელევიზია ცდილობდა, რომ ერთმანეთის პირისპირ დაესვათ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, მაგრამ შემდეგ ეს მცდელობა მოკვდა, რადგან პოლიტიკური პარტიები არ შედიან დებატებში. არ ველოდები, რომ ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილი, დებატებში გახარიას თუ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს დაუჯდება.

იმ დაპირისპირების ფონზე, რაც ოცნებისა და ოპოზიციის ძალებს შორის არსებობს, არ მგონია, რომ მმართველი გუნდი დებატებს დათანხმდეს. თუმცა, შეიძლება 0.1% შანსი არსებობდეს იმისა, თუ ქართულმა ოცნებამ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტა, რომ რომელიმე მისი ძლიერი სპიკერი ჩართოს დებატებში, ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ უფრო მეტი ალბათობით, ასეთი რამ დარჩენილ დღეებში არ მოხდება.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს. დაგეგმილი ვიზიტი უკვე შეაფასეს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში. ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი გაფთხილება წინასაარევნოდ, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკა შეცვალოს და ევროკავშირისკენ სვლა განაგრძნოს. როგორია თქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით?

- თუ გავაანალიზებთ ბოლო პერიოდში იმ პროცესებს, რაც დასავლეთში ვითარდება საქართვლოსთან მიმართებაში, იქ მწიფდება ისეთი განწყობა, რომ ყველაფერი გააკეთონ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. რამდენად გამოუვათ, ეს მეორე საკითხია. ასევე, საინტერესოა რა რეალობა დახვებათ მათ საქართველოში. მაიკლ როთის ვიზიტს მაინდამაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, ეს არ არის გერმანიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელი. იქიდან გამომდინარე რა შედეგები ჰქონდა მის პირველ ვიზიტს საქართველოში, არ მგონია, რომ მისი ამჟამინდელი ვიზიტიც განსხვავდებოდეს წინა ვიზიტისგან.

ქართული ოცნების წარმომადგენლები არც აპირებენ მასთან შეხვედრას. ასე რომ, ეს ვიზიტი იქნება ვიზიტისთვის - ის დააფიქსირებს მის მოსაზრებას, კრიტიკას ხელისუფლების მიმართ. შემდეგ დაბრუნდება, ამას ადგილობრივი ოპოციური ტელევიზია აიტაცებს და დაატრიალებს რამდენიმე დღის განმავლობაში. სულ ეს იქნება მისი ვიზიტის ეფექტი.

როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს საქართველოში ის ატმოსფერო და სიტუაცია, რაც შესაძლოა საქართველოში რევოლუციის მოწყობის წინაპირობა გახდეს?!

- რატომღაც, ჩვენი დასავლელი პარტიორები ქართველ ხალხს უწოდებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მაშინ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა და აბსოლუტურ იგნორს უკეთებენ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რომელიც ამ პროტესტს არ შეუერთდა და არ იზიარებდა ამ საპროტესტო აქციების მიზნებს. ასე რომ, ძალიან დელიკატურ თემასთან გვაქვს საქმე - ვის მიიჩნევს საქართველოს ხალხად კოლექტიური დასავლეთი. ვფიქრობ, რომ აქ მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო. ალბათ, ხელისუფლებას მეტი მუშაობა მართებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, რომ გააგებინოს პარტნოორებს, ის ხალხი, ვინც საპროტესტო აქციებზე გამოვიდა, არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას.