ბიონსე ქანთრის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა — რატომ?

ბიონსე ქანთრის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა — რატომ?

ერთ-ერთი მთავარი სიმღერა, Texas Hold ’Em ბილბორდის ქანთრის სიმღერების სიაში პირველ ადგილზეც გავიდა და, ამასთან ერთად, ინტერნეტის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. ალბომი ერთგვარი კულტურული ფენომენია, რომელმაც მნიშვნელოვანი დებატები და მედიის გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა CMA-ს, ამერიკის ქანთრის მუსიკალური ასოციაციის აღიარება ვერ მოიპოვა.

ბიონსეს ფანებმა სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება მალევე გამოხატეს და ასოციაცია გააკრიტიკეს. ერთ-ერთ მათგანი წერს: "CMA-მ კიდევ ერთხელ ასიამოვნა ინდუსტრიის იმ მასას, რომელთაც შავკანიანი არტისტებისთვის დამსახურებული აღიარების მინიჭება არ სურთ."

ინტერნეტი მოიცვა სპეკულაციებმა ბიონსეს ალბომის სათანადო დაფასების მიზეზების შესახებ. მომღერლის ფანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქანთრი, თავისი არსით, რასისტული ჟანრია — შავკანიანი ქანთრის მომღერლების დანახვა და ჟანრის ტრანსფორმაცია ინდუსტრიას არ სურს, ამიტომ ბიონსე და სხვა აფროამერიკელი მუსიკოსების წარმატება მათ ეწირებათ.

ბიონსეს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ალბომის გამოშვებისას აღნიშნა, რომ Cowboy Carter-ის შექმნის განმაპირობებელი ფაქტორი ის მომენტი გახდა, როდესაც 2016 წელს CMA-ს დაჯილდოებაზე იმღერა ჯგუფ Chicks-თან ერთად. მისი თქმით, ამ გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ქანთრის ჟანრში მისი დანახვა არ მოსწონდათ, ამიტომ ეს გამოწვევად მიიღო, ქანთრის ისტორია და სტილი შეისწავლა და ალბომიც შექმნა.

Cowboy Carter-ის მთავარი მიზანი შავკანიანი ქანთრის მომღერლების ყურადღების ცენტრში მოქცევა იყო, რაც ბიონსემ ნაწილობრივ შეძლო კიდეც — წელს მომღერალი შაბუზი, რომელსაც ბიონსესთან ერთად 2 სიმღერა აქვს ჩაწერილი, საუკეთესო ახალი არტისტისა და წლის საუკეთესო სინგლის ნომინაციებშია წარდგენილი.