საფეხბურთო სალაღობო

საფეხბურთო სალაღობო

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. „ტყავის ბურთთან“ დაკავშირებული მოგონებები თითოეულ ჩვენთაგანს აქვს.

დათო ყიფიანს ხშირად მეტოქეები პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს მინდორზე დაჭერას დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი. მინსკის “ დინამოში” იყო ერთი ბოროვსკი, რომელიც თავგამოდებით ურტყამდა ყიფიანს მინდორზე. თენგიზ სულაქველიძე იხსენებდა:

„მინსკის „დინამოსთან“ ერთი თამაშის დროს დათომ დამიძახა. ჭომა (ასე ეძახდნენ სულაქველიძეს), მიმიხედე ერთი ამ ბოროვსკისო. რა თქმა უნდა, გასაგები იყო ყველაფერი. ათ წუთში გავიყვანე ის ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც „ნასილკით“, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე, ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომაკვდა? რავა, ქართველებს „ხიტრობა“ გვაკლია ვითომ? “

რუსებზე ჩამოვარდა სიტყვა და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ კოპალეიშვილის ერთი სახალისო მოგონება გამახსენდა. ეს უკანასკნელი მაშინ ლანჩხუთის „გურიაში“ გამოდიოდა. „გურია“ საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობდა და ერთხელაც, მშობლიურ ქალაქში ომსკის გუნდს უნდა შეხვედროდა.

თამაშის წინა დღეებში „გურიის“ ერთ-ერთი მოღვაწე გარდაიცვალა. არც დაკრძალვის გადადება გამოდიოდა და არც შეხვედრის გადატანა. მასპინძლები სტუმრებს მოელაპარაკნენ და თამაში 19 საათის ნაცვლად 12 საათზე გადმოიტანეს. მატჩი „გურიამ“ მოიგო, შემდეგ ომსკელი კოლეგები დაკრძალვაზე წაიყვანეს, მერე, რა თქმა უნდა, ქელეხი იყო. რუს ფეხბურთელებს ისე მოეწონათ ქართული ღვინო, რომ მეტისმეტი დალევისაგან კინაღამ ინფარქტები ჩამოირიგეს. მეორე დღეს სტუმრები მასპინძლებმა აეროპორტში გააცილეს. გამოთხოვებისას ერთი „ისტორიული“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც თავად ვახტანგ კოპალეიშვილის სიტყვებით გადმოგცემთ:

„ - კაკოი უ ვას ვინო ხაროში ! – ამოიოხრეს სტუმრებმა.

 - ტოლი ეშჩო ბუდეტ! –  გაამხნევეს ლანჩხუთელებმა.

 -კაგდა? – ისევ ამოიოხრეს რუსმა ფეხბურთლებმა.

 - მი ჟე პრიედემ ვ ომსკ. – დაამშვიდეს მასპინძლებმა.

- პრიტაშჩიწე ვაშე ვინო!  – გაუბრწყინდათ თვალები რუსებს. “  

სტუმრების სამწუხაროდ, ქართველმა მოთამაშეებმა „აუხსნეს“, რომ ქართული ღვინო ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანდა და ომსკში ჩატანამდე გაფუჭდებოდა. რუსებმა სულ მოიწყინეს, მიდგნენ ერთ კუთხეში, ითათბირეს, შემდეგ მათგან ყველაზე გაბედული და მამაცი ლანჩხუთელებს მიუახლოვდა:  – დავაიწე, რებიატა, ვი ნე ბესპაკოიტეს, ნა პავტორნუიუ ვსტრეჩუ, აპიატ მი პრილეტიმო,– შესთავაზა (არ ინერვიულოთ ბიჭებო, განმეორებით მატჩზეც ლანჩხუთში ჩამოვალთო).

ჩინებული „ფეხბურთელი“ გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. ბატონი ჯემალ ღაღანიძე  ხშირად იხსენებდა ერთ ფაქტს:

„ქუთაისში ვითამაშეთ ფეხბურთი და იპოლიტე ხვიჩია ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა, – „იპოლიტე! იპოლიტე!“ – ყვიროდა. კარში მე ვიდექი. ჩვენთან იყო ივანე ქურხული, რომელიც არ უშვებდა იპოლიტეს  კარისკენ, რომ ბურთი გაეტანა. როგორც იქნა, კიდევ ერთხელ დაწინაურდა იპოლიტე. დაარტყა იპოლიტემ ბურთს, მაგრამ ქურხულმა ფეხი წინ დაუხვედრა და უკან გაბრუნებული ბურთი იპოლიტეს მოხვდა სახეში. იგი წაიქცა, ამ დროს მეც წავიქეცი და ბურთი კარში გავიდა. გამწარებული იპოლიტე წამოხტა ფეხზე და დაიწყო სტადიონის გარშემო სირბილი. მე დავავლე გატანილ ბურთს ხელი და იპოლიტეს უკან გამოვეკიდე: – გაჩერდით, ბატონო იპოლიტე,  დაწყნარდით, თქვენ გოლი გაიტანეთ–მეთქი“.