არაერთი ამერიკული მედიის ცნობით, უილ ჯენინგსი, ისეთი დიდი ჰიტების თანაავტორი, როგორიცაა სტივ უინვუდის Higher Love და სელინ დიონის My Heart Will Go On, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისმა მომვლელმა Hollywood Reporter-ს განუცხადა, რომ ჯენინგსი საკუთარ სახლში, ტეხასში გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი კი უცნობია.
უილ ჯენინსგმა 50-წლიანი კარიერა ტეხასის პატარა ქალაქ კილგორში 1976 წელს დაიწყო. 1977 წელს კომპოზიტორ რიჩარდ კერთან ერთად დაწერა ბარი მანილოუს Looks Like We Made It, რომელმაც მსმენლის სიყვარული მაშინვე დაიმსახურა.
ჯენინგსი მუსიკას ისეთი ლეგენდარული მუსიკოსებისთვის წერდა, როგორებიც არიან ბი ბი კინგი, უიტნი ჰიუსტონი, მერაია ქერი, ჯიმი ბაფეტი და როი ორბისონი.
თავისი კარიერის განმავლობაში ჯენინგსმა სხვადასხვა ფილმისთვის საუნდტრეკებიც შექმნა, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
1983 წელს ჯენინგსმა მიიღო თავისი პირველი ოსკარი სიმღერისთვის Up Where We Belong, რომელიც დაიწერა ტეილორ ჰეკფორდის ფილმისთვის An Officer and a Gentleman-ისთვის.
რვა წლის შემდეგ მან მოიგო გრემის ჯილდო, ასევე ოქროს გლობუსის ნომინაცია, ერიკ კლეპტონის Tears in Heaven-ის ტექსტის დაწერისთვის ფილმისთვის Rush.
მაგრამ ყველა მათგანზე მაღლა დგას სელინ დიონის კლასიკა My Heart Will Go On, რომელიც დაიწერა ჯეიმს კამერონის ტიტანიკისთვის — 1998 წელს მან მიიღო აკადემიის ჯილდო, ოქროს გლობუსი და გრემის ჯილდო.
კარიერის განმავლობაში ის ექვსჯერ იყო ნომინირებული გრემის ჯილდოზე და სამჯერ გამარჯვებაც მოიპოვა.
მომღერალმა პიტერ ვულფმა თავის მეგობარს პატივი მიაგო და სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა: "სევდიანი დროა, უილ ჯენინგსი გარდაიცვალა, მაესტრო, ბრწყინვალე გონებითა და ფაქიზი სულით".
J. Geils Band-ის ყოფილმა ფრონტმენმა კი დაწერა: "უილმა თავისი ნიჭი გამიზიარა , ყოველთვის მომთმენი და გულუხვი იყო; ის იყო ძვირფასი მეგობარი და მასწავლებელი, რომელიც ჩემს ცხოვრებას მრავალი თვალსაზრისით ამდიდრებდა."