საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის პირველ მატჩში ჩეხეთს უმასპინძლა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე გაანადგურა.
მატჩის დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედანზე გამოვიდნენ პარიზის ოლიმპიური თამაშების ქართველი მედალოსნები, ასევე პარალიმპიადის მედალოსნები. მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სიმბოლურად ნაკრების მაისურები გადასცა.
ამის შემდეგ შედგა გიორგი მიქაუტაძის დაჯილდოვება ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ პრიზით. შეგახსენებთ, რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა 3 გოლით.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, „ჯვაროსნები“ ჩეხებს პირველად ევროპის ჩემპიონატზე ორი თვის უკან დაუპირსპირდნენ. მაშინ ის შეხვედრა ქართველი ფეხბურთელებისთვის რთული აღმოჩნდა - ფრედ 1:1 დასრულდა. 7 სექტემბერს კი გუშემატკივარმა ორი თვის უკანდელი თამაშისგან განსხვავებით სულ სხვა თამაში იხილა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის საწყის წუთებზე მეტოქე შეეცადა მამარდაშვილის კარის აღებას, ქართველმა გოლკიპერმა ამის საშუალება არ მისცა.
ამის საპასუხოდ კი, 32-ე წუთზე ქართველთა სწრაფ შეტევას პენალტი მოჰყვა - კიტეიშვილმა, ჩაკვეტაძე მოძებნა, ხოლო გიორგიმ - კვარაცხელია, რომელსაც საჯარიმოში კრეიჩი ეუხეშა. კვარაცხელიამ პენალტი გაიტანა - 1:0. 53-ე წუთზე საქართველოს მორიგმა სწრაფმა შეტევამ მეორე გოლი მოიტანა - კვარაცხელიას პასის შემდეგ ჩაკვეტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა - 2:0. ათ წუთში ანგარიში 3:0 გახდა, მიქაუტაძემ ბურთი ლოჩოშვილის ჩაწოდებული ჩეხეთის კარის კუთხეში მოათავსა - 3:0. სულ რაღაც სამ წუთში მორიგი ელვისებური შეტევა და მე-4 გოლი გავიდა ჩეხების კარში, ჩაკვეტაძის საოცარ საგოლე პასს ქოჩორაშვილის თავური მოჰყვა - 4:0. ჩეხებმა მხოლოდ ოთხმაგი ცვლილების შემდეგ შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა მამარდაშვილის კარში.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ეროვნულმა გუნდმა იდიალური თამაში აჩვენა.
„ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ზოგჯერ გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდისგან რაღაც კარგის მიღწევა შეიძლებოდა. ევროპის ჩემპიონატმა მეტი თავდაჯერება შეგვძინა, ვიცით, რას ნიშნავს გუნდურობა და ერთიანობა. ძალიან მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და როგორ დავბრუნდებოდით, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახე, ძალიან გასახარია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვულოცავ გუნდს ამ საოცარ მატჩს.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, საწყისი 10-15 წუთი ვერ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით შეტევაში. შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და მატჩის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა პრაქტიკულად იდეალური თამაში აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ“, - აღნიშნა სანიოლიმ და მოლოდინებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის შედეგ, ჩვენი მოლოდინი და ამბიცია გაიზარდა და როგორც თქვენი, ასევე ჩემი მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ ძალიან გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ვიცით, რომ ყოველთვის ასე თამაში შეუძლებელია. მთავარია, სირთულეებს როგორ გავუმკლავდებით. ახლა უნდა მოვემზადოთ ალბანეთთან მატჩისთვის“.
ალბანეთის ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთულ ჯგუფში იყო, საიდანაც ვერ გავიდა, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინა. ამიტომ, ალბანეთში რთული თამაში იქნება, თუმცა, ჩვენ სირთულეები გვიყვარს“ - თქვა ნაკრბის თავკაცმა.
თამაშის დასრულების შემდეგ, მატჩი შეაფასეს for.ge-თან ნაკრების ფეხბურთელებმა, ასევე ისაუბრეს მომავალ შეხვედრაზე და ჯგუფიდან გასვლის შანსებზე.
ლუკა ლოჩოშვილი: „ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. პირველი 10-15 წუთი ოდნავ პასიურები ვიყავით, მაგრამ მალევე გამოვასწორეთ შეცდომები და შემდეგ უკვე თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. რაც მთავარია, კონტრშეტევებზე თავს კარგად ვიცავდით. ასეთ ძლიერ გუნდთან ასეთი ანგარიშით მოგება დადებითი შედეგია. რა თქმა უნდა, ამით არ დავკმაყოფილდებით, შემდეგ თამაშებიც უკეთ უნდა ვითამაშოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ“.
კითხვაზე ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება რამდენად დიდ მოტივაციას მისცემს ნაკრებს და რამდენად აისახება უკვე შემდეგ თამაშებზე, ლოჩოშვილი ასე გვპასუხობს: „კარგია როდესაც სტარტი მოგებით იწყება. ჯერ პირველი გამარჯვებაა და იმედია ასე გავაგრძელებთ“.
ხვიჩა კვარაცხელია: „თამაშს დადებითად შევაფასებ. დღეს რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ და რა გოლებიც გავიტანეთ, წარმოუდგენელი იყო. ვეცადეთ კარგი ფეხბურთი გვეჩვენებინა და ეს გამოგვივიდა კიდეც. ჩეხეთის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო. ყველა მომენტი რომელიც შევქმენით, თითქმის ყველა გამოვიყენეთ. დამაგვირგვინებელ ფაზაში ძლიერები ვიყავით და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა კვარაცხელიამ და ასევე ევროპის ჩემპიონატზე ჩეხების წინააღმდეგ თამაში და ახლანდელი შეხვედრა ერთმანეთს შეადარა.
„დიდი განსხვავება იყო. დღეს ვცდილობდით, რომ ბურთი ჩვენ გვქონოდა და ჩვენი საჯარიმოდან ბურთთან ერთად ამოვსულიყავით. თუ არ ვცდები მესამე გოლი მამარდაშვილისგან დაიწყო, წამოვედით და გოლი გავიტანეთ. ეს ყველაფერი არის ვარჯიშის შედეგი. ერთად ბევრს ვვარჯიშობთ და ეს შრომა დაგვიფასდა“, - თქვა კვარაცხელიამ.
კითხვაზე ალბანეთთან შეხვედრაში, როგორ მატჩს ელოდება, ნაკრების თავდასხმალმა, ასე გვიპასუხა: „ალბანეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად გავალთ. ჩვენთვის მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვეყოლება, რადგან თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის, გამარჯვებისთვის იბრძვის. შევეცდებით, ალბანეთთანაც მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და დადებითად ჩავამთავროთ ეს ორი თამაში“.
გიორგი მამარდაშვილი: „კარგი თამაში გამოვიდა. რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც იყო, არ იყო მარტივი. 4:1 მოგება არ მეტყველებს იმაზე, რომ მარტივი თამაში იყო. ვფიქრობ, ჩეხებს ჩვენთან შედარებით მოტივაცია არ ჰქონდათ. ჩვენ უფრო გვინდოდა მოგება. წინ კიდევ რთული მომენტები გველის, მაგრამ გამარჯვებების მოპოვება უნდა გავაგრძელოთ. ალბანეთთანაც რთული თამაში გველოდება, რადგან გასვლითი მატჩია და გასვლითი შეხვედრები ყოველთვის რთულია“,-აღნიშნა საქართველოს ნაკრების მეკარემ.
კითხვაზე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშით ეროვნულმა გუნდმა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოიხსნა თუ არა, მამარდაშვილმა ასე გვიპასუხა: „როდესაც ნაკრებს ეხება საქმე, ფსიქოლოიური ზეწოლა სულ არის. გინდა არ გინდა, გამარჯვებაზე ფიქრობ. რა თქმა უნდა, წნეხის ქვეშ თამაშს მივეჩვიეთ და თითოეული ფეხბურთელი მზად არის წნეხის ქვეშ ითამაშოს. ალბანეთთანაც რთულ თამაშს ველოდებით. ნაკრებისთვის გასვლაზე თამაში არასდროს არ არის მარტივი. ასი პროცენტთ დავიხარჯებით, რომ ისევ გავახაროთ გულშემატკივარი და სამი ქულა ავიღოთ“.
ზურიკო დავითაშვილი: „ძალიან კარგად ვითამაშეთ. თითოეული ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა, რომელიც შემდეგ უკვე შედეგზეც აისახა. რაც მთავარია, გავაგრძელეთ ის მუხტი, რაც გვქონდა, რაც მთავარია, ფეხი არ დაგვიცდა. ახლა, მთავარია ამ დონის შენარჩუნება და შემდეგ თამაშში გულშემატკივარს ეს უნდა დავანახოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება რამდენად აისახება შემდეგ შეხვედრებში და რამდენად გადამწყვეტ როლს შეასრულებს შემდეგი თამაშებისთვის?
ზ.დ: მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად ასეთი ანგარიშით მოგებით შესარჩევი ეტაპის დაწყება. მთლიანად ციკლზე დადებითად უნდა აისახოს. იმედი მაქვს, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ. რა თქმა უნდა, თანაბარი ჯგუფია, ვერ ვიტყვით რომ ფავორიტები ვართ, ან სხვაა ფავორიტი - ერთნაირი გუნდები ვართ. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯგუფი პირველ ადგილე დავასრულოთ.
გიორგი მიქაუტაძე: „4:1 მოგება ძალიან კარგია. ერთი გოლი მე გავიტანე და იცით, როგორც მიყვარს გოლების გატანა. გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო. ის ჯილდო, რომელიც მივიღე, მარტო ჩემი არაა, ის მთელს საქართველოს ეკუთვნის“.
დაბოლოს, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკიმ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებზე ასეთი რამ თქვა: „ქართველებმა ძალიან გვაჯობეს, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის გარდა, ჯგუფში უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები არიან. სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, ტირანაში, სწორედ ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.