ტეილორ სვიფტის ერას ტური, რომელიც მუსიკოსის კარიერაში ყველაზე წარმატებული კონცერტების სერია აღმოჩნდა და უამრავი საერთაშორისო რეკორდი მოხსნა, ვენაში მოულოდნელად ჩაიშალა.
ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს დაგეგმილი კონცერტების გაუქმება ტურის ორგანიზატორებს მას შემდეგ მოუწიათ, რაც ავსტრიის მთავრობამ კონცერტზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
როგორც ირკვევა, 19 და 17 წლის დამნაშავეებს სვიფტის კონცერტზე სასტიკი ტერაქტის დაგეგმვა ჰქონდათ დაგეგმილი — 19 წლის ჩრდილოეთ მაკედონიური წარმოშობის პირის სახლში პოლიციამ ქიმიური ნივთიერებები და სპეციფიკური ტექნიკური მოწყობილობები აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ ის ავსტრიის ქალაქ ტერნიცში მდებარე მეტალის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა, საიდან მოპარული მასალებითაც ბომბს ამზადებდა. დადასტურდა, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) სამხედრო ჯგუფის წევრია.
რაც შეეხება 17 წლის ავსტრიელ დამნაშავეს, ის თანამზრახველთან ერთად გეგმავდა სტადიონის გარეთ მყოფი სვიფტის ფანების მანქანით გატანას. დამნაშავეები დანებითა და მაჩეტეებით იყვნენ შეიარაღებულნი და რაც შეიძლება დიდი მსხვერპლის გამოწვევა სურდათ. რაც ყველაზე საინტერესოა, 17 წლის თინეიჯერი ერნსტ ჰაპელის სტადიონის სტაფის წევრი იყო და სვიფტის კონცერტის შესახებ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ინფორმაციას ფლობდა.
ავსტრიის საჯარო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის, ფრანც რუფის თქმით, "გამოძიებამ დაადასტურა, რომ ორი ეჭვმიტანილი რადიკალიზმით ინტერნეტის საშუალებით დაინტერესდა.“ 19 წლის დამნაშავემ ისლამური სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ფიცი სწორედ ინტერნეტში დადო.
ტეილორ სვიფტს კარიერის განმავლობაში კონცერტი მხოლოდ ერთხელ აქვს გაუქმებული. ტერაქტის საშიშროების გამო ვენის ინციდენტი მის 21-წლიან კარიერაში სასცენო გამოსვლის მეორედ ჩაშლის შემთხვევაა. მომღერლის მარკეტინგის გუნდის განცხადებით, დაგეგმილი კონცერტი ლონდონში, უემბლის სტადიონზე მაინც ჩატარდება, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებით.