ბოლო დღეებია, ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ განხილვის თემად იქცა Adidas-ის SL 72-ის კამპანია, რომლის სახეც ამერიკელ-პალესტინელი მოდელი, ბელა ჰადიდი იყო.
კამპანია 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადისთვის შექმნილი სპორტული ფეხსაცმლის, SL 72-ის ხელახალ გამოშვებას ეძღვნებოდა. კამპანიის ფარგლებში გამოიცა ვიდეოები, ფოტოები და სარეკლამო ბანერები, რომელიც ნიუ-იორკში, ტაიმს-სქვერზეც განთავსდა.
როგორც ჩანს, ადიდასის გუნდს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ 1972 წლის ოლიმპიადის მსვლელობისას ოლიმპიურ სოფელში პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება "შავი სექტემბერი" შეიჭრა და ისრაელის დელეგაციის 11 წევრი, მათ შორის მწვრთნელები და სპორტსმენები, დახოცა. თავდასხმას გერმანელი პოლიციელიც ემსხვერპლა. საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ Adidas-მა კამპანია სოციალური ქსელებიდან წაშალა და მოიბოდიშა.
ორშაბათს ამ თემაზე განცხადება ბელა ჰადიდმაც გაავრცელა. "შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ ამ კამპანიის შექმნისას გამოჩენილი მგრძნობიარობის სიმცირით. ამ ისტორიაზე რომ მცოდნოდა, კამპანიაში მონაწილეობას არ მივიღებდი. ზიზღის არცერთი ფორმის არ მჯერა, მათ შორის, ანტისემიტიზმის," — დაწერა მოდელმა ინსტაგრამზე.