"ლიონის" აკადემიის ყოფილი დირექტორი: "მიქაუტაძისთვის რთული იყო, მაშინ წასვლა ამიტომ მოუწია"

„ლიონის“ აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ჟან-ფრანსუა ვულიემ ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც 15 წლის ასაკში გუნდის დატოვება გიორგი მიქაუტაძეს მოუწია.

9 წლის შემდეგ „ლომებმა“ ქართველი ფეხბურთელი დაიბრუნეს, ოღონდ ამისთვის 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ. როგორც ვულიემ აღნიშნა, გიორგის „ლიონიდან“ წასვლა აკადემიაში არსებული კონკურენციის გამო მოუწია.

„ჟორჟი იყო კაკერეს, გუირის, პიერის, კალულუს, ბალულის და ბარდის თაობის ნაწილი. მისთვის ადვილი არ იყო, პატარა გახლდათ და სათამაშო დრო არ ჰქონდა. კარგი თვისებები ჰქონდა, მაგრამ იმ ასაკში რთულია, კონკურენციაა. მაგალითად, იმ დროს ვილიამ გუბელსის დუბლიორი იყო, ამიტომაც წავიდა. „ლიონს“ შეცდომა არ დაუშვია, უბრალოდ სხვები მასზე სწრაფად ვითარდებოდნენ. მან ყველაფერს გაუძლო და „მეცში“ გადალახა ეს ყველაფერი. ის შესანიშნავი მოთამაშე გახდა თავისი სისწრაფით, ხედვით, ბურთის კონტროლით, ნამდვილად მომწიფებულია“, - თქვა ვულიემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოსთან" შეთანხმება მიღწეული იყო. ქართველი ფრანგულ კლუბს შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.