ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტულ პირთა გამოკითხვები გრძელდება.

ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად კიდევ ერთი პირი, მაგომედ იჟიევი მივიდა. ის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება.

სუს-ში შესვლის დროს მან მედიის შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის იმას, თუ რას საქმიანობს:

“[სუს-ში დაბარების მიზეზს] რომ შემეკითხებიან, მაშინ გავიგებ. საქართველოში ვცხოვრობ. ბიზნესმენი არ ვარ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ”, -განაცხადა მაგომედ იჟიევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებთან რაიმე ტიპის კავშირი, მითუმეტეს მეგობრული, იჟიევმა არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებას ჩვენება უკვე ათამდე პირმა მისცა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.