შალვა პაპუაშვილი უცხოეთში დამატებითი უბნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვფიქრობ, ეს არის წინასწარ დაბევება საბაბის, რომ შემდეგ გაამართლონ საკუთარი წარუმატებლობა არჩევნებზე

შალვა პაპუაშვილი უცხოეთში დამატებითი უბნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვფიქრობ, ეს არის წინასწარ დაბევება საბაბის, რომ შემდეგ გაამართლონ საკუთარი წარუმატებლობა არჩევნებზე

არის პროცედურები ამისთვის და ამ პროცედურების მიხედვით ხდება უბნების გახსნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, - განაცხადა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თემაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ პრეროგატივა.

„რაც შეეხება უბნებს, აქ „ქართული ოცნება“ საერთოდ არაფერს არ აპირებს, ვინაიდან ეს არ არის „ქართული ოცნების“ პრეროგატივა. ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხი, სადაც ოპოზიციაც მონაწილეობს და არის კომისიის წევრი. ისევე, როგორც ყოველთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში - არის პროცედურები ამისთვის და ამ პროცედურების მიხედვით ხდება უბნების გახსნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ყოველ სოფელში თუ უბანში არც საქართველოში იხსნება საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ თბილისის რომელიღაც ქუჩაზე იყოს სპეციფიკურად უბანი გახსნილი. ასე სურვილებით და ოპოზიციის ნება-სურვილით არ ხდება საარჩევნო უბნების გახსნა. ამას აქვს თავისი კანონმდებლობა.

არჩევნები არ არის იოლი პროცედურა, ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა და აქ რამდენიმე რადიკალი ოპოზიციონერის ნება-სურვილით, ვინც ახლა აქ აქტიურობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ეს არ ხდება. ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს - რა გამოდის, რომ მათ ეშინიათ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის და მოქალაქეების? და მეორე - ვფიქრობ, ეს არის წინასწარ დაბევება საბაბის, რომ შემდეგ გაამართლონ საკუთარი წარუმატებლობა არჩევნებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.