მეუფე იაკობი: ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებისთვისაც დასავლური ცივილიზაცია ძალიან ახლობელია, რადგან ქრისტიანულ პრინციპებზეა დამყარებული

მეუფე იაკობი: ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებისთვისაც დასავლური ცივილიზაცია ძალიან ახლობელია, რადგან ქრისტიანულ პრინციპებზეა დამყარებული

როგორი პოლიტიკაც გვაქვს ის პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამერიკელებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა და ასევე მათაც უნდა დაალაგონ ჩვენთან ურთიერთობა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს დასავლური ცივილიზაცია ძალიან ახლობელია, რადგან ქრისტიანულ პრინციპებზეა დამყარებული, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

„ჩვენ რუსეთი კარგად გვახსოვს, რომ ეკლესიებს გვიღებავდა და რას აკეთებდა, ახლანდელი ოკუპაციაც კარგად გვახსოვს. ამიტომ აქედან გამომდინარე დასავლეთისგან ველით, რომ როგორც ტოტლებენს იყენებდნენ, ისე არ გამოგვიყენონ. ჩვენებს წაიყვანენ ნატოს ჯარში, დაიხოცებიან ბიჭები, დასახიჩრდებიან და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე ჩვენთან ნატოს წვრთნები არ უნდა ჩატარდეს და ОДКБ-ს წევრ სომხეთში უნდა ჩატარდეს. როდესაც ჩვენ ამას ვუყურებთ, უსამართლობას ვხედავთ. ევროპა სამართლიანობის თეზისზე იყო დაშენებული, ამიტომ კეთილი ინებონ და ჩვენს მიმართაც ეს სამართლიანობა გამოიყენონ.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ დგას თანაბარ სიბრტყეებზე, მარტო ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა არაფერია. მე მესმის სტრატეგიული პარტნიორობა აშშ–ს და ისრაელს შორის. ამერიკა რომ დიადი სახელმწიფოა, მას შეუძლია ჩვენი კანონი არ მოიწონოს და რაღაც თქვას. მოხდა ასეთი რამ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელი დაადანაშაულა, ამერიკა აუცილებლად მიიღებს მის წინააღმდეგ ზომებს. მიიღებს არა მხოლოდ ისრაელის ინტერესების გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვა საქმეებს ამოალაგებენ ერაყში და ავღანეთში ამერიკელების შესახებ. ამიტომ ჩვენც კარგად უნდა მოგვექცნენ.

ჩვენთან აქ რუსები არ ვართ. ეკლესიასაც ხშირად გვეძახდნენ რუსებო რუსებოო. თუმცა ყველა ეროვნების წარმომადგენლები არიან და ჩვენ ფობიაში ვერავისთან ვიქნებით, თუნდაც დღეს ჩვენი მტერი იყოს ის. ფობია ქრისტიანისთვის უცხო რაღაცაა, ჩვენ სიყვარულით ყველაფერი უნდა დავამარცხოთ. სიყვარულის გარდა სხვა იარაღი არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.