კომპანიამ Mattel ორი ახალი ბარბი წარადგინა - ერთი შავკანიანია და დაუნის სინდრომი აქვს, მეორე კი უსინათლოა. ამის შეახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უსინათლო ბარბის კომპლექტში ხელჯოხი მოჰყვება. ის სტანდარტული თოჯინებიდან თვალებითაც განსხვავდება: მისი მზერა ოდნავ მაღლა და გვერდისკენ არის მიმართული, როგორც უსინათლო ადამიანების. მის ტანსაცმელში ბევრი ტაქტილური ელემენტია, რათა თოჯინას ჩაცმა უფრო მარტივი იყოს.
ამ თოჯინას შექმნის პროცესში Mattel-ი უსინათლოთა დახმარების ამერიკულ ფონდთან თანამშრომლობდა. ასევე, ამ ბარბის ყუთი ბრაილის შრიფტით არის გაფორმებული.
მეორე ბარბი Mattel-მა იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შექმნა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარება. კომპანიამ ამ სინდრომის მქონე თოჯინა შარშანაც გამოუშვა, თუმცა მაშინ ის თეთრკანიანი იყო.