დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მასშტაბები საგანგაშო ნიშნულისკენ მიდის. პრობლემაა როგორც უშუალოდ ქალაქის გარე სივრცეში, ასევე დახურულ შენობებში. ამის მიზეზი სხვადასხვაა და ერთ-ერთი უმთავრესია ის, რომ თბილისი უკონტროლო მშენებლობების გამო სათანადოდ ვეღარ „ნიავდება“. შესაბამისად, გამონაბოლქვი აირები ქალაქშია „ჩაწოლილი“.
თბილისში ჰაერი შენობებში უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარე სივრცეში. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“, რომელიც მსოფლიო ბანკმა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნა.
ანგარიშში გაანალიზებულია ჰაერის დაბინძურების მწვავე ზემოქმედება ქალაქის მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს ეთმობა.
ჰაერის დაბინძურების განაწილებითი ზემოქმედების შესაფასებლად კვლევაში გამოყენებულია მონაცემთა სხვადასხვა წყაროები, მათ შორის, ადმინისტრაციული ინფორმაცია, ჩატარებული შეფასებები, თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები და რეალურ დროში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ადამიანები ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე უფრო მაღალია, შედარებით უფრო ხელმოკლე შინამეურნეობები და ნაკლები განათლების მქონე პირები ბევრად მოწყვლადნი არიან დაბინძურების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ იმის გამო, რომ უწევთ ღია სივრცეში ხანგრძლივად მუშაობა, არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ.
კვლევა მიუთითებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების შემცირება შესაძლებელია მისი ხარისხის გაძლიერებული მონიტორინგით, ტრანსპორტის მოძრაობის და სამრეწველო გამონაბოლქვის რეგულირებითა და მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობით. ელექტრომობილების გამოყენების წახალისებას და საწვავის სტანდარტების მკაცრ დაცვას შეუძლია ტრანსპორტიდან მომდინარე გამონაბოლქვის შემცირება, რაც მწვანე გარდაქმნისთვის საქართველოს მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან ერთად, ნახშირბადის განფასების სისტემის შემოღებას, როგორც სათბურის აირების გამონაბოლქვის რეგულირების დარგობრივი პოლიტიკის ინსტრუმენტს, შეუძლია არსებითად გააუმჯობესოს ადგილობრივი ჰაერის ხარისხი ჯამური გამონაბოლქვის შემცირებით.
კვლევის თანახმად, თბილისში დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების დონე ხშირად აჭარბებს შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საყოფაცხოვრებო საწვავის გამოყენება, მოწევა და შენობების საიზოლაციოდ გამოყენებული მასალები დედაქალაქის დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია.
„ჰაერის დაბინძურება აფერხებს განვითარებას ფატალური დაავადებების გამოწვევით, ზიანის მომტანი საცხოვრებელი პირობების შექმნითა და ეკოსისტემების დარღვევით, რაც ამწვავებს სიღარიბეს და უთანასწორობას. მსოფლიო ბანკი მოწოდებულია გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ჰაერის დაბინძურების
უარყოფით ზემოქმედებას“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სიღარიბის დაძლევის და თანასწორობის მიმართულების გლობალურმა დირექტორმა ლუის ფელიპე ლოპეს-კალვამ.
დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მძიმე ვითარებას ადასტურებენ ქართველი სპეციალისტებიც. თუკი დღევანდელი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, შესაძლოა, ქალაქს ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქროს, რაც ჰაერის დაბინძურებით იქნება გამოწვეული. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ „ქალაქი არ ნიავდება“, რასაც ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის. მიჩნეულია, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. აკადემიკოს სიმონ ბარამიძის შეფასებით, ამ მხრივ საყურადღებოა გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც ასევე ემატება ქალაქს და მძიმე ვითარებას ქმნის.
„რამდენიმე წლის წინ, განსაკუთრებით დედაქალაქში, მიწიდან 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, მაგრამ დღეს ზღვარი უკვე 10 მეტრამდეა გაზრდილი. ამ დროს ქალაქს არავითარი ვენტილაცია არ აქვს. ადრე თუ ქარი ანიავებდა თბილისს 6-7 მ/წმ სიჩქარით, ახლა 12-15 მ/წმ-ია საჭირო. სრული განიავება რომ მოხდეს, საქართველოში ქარიშხალი უნდა იყოს მუდმივად.
ერთ დღეს შეიძლება თბილისში ხალხი დაიწამლოს და ამაზეც იტყვიან მოულოდნელი იყოო. რაც დიდ დიღომი ინტენსიურად გაშენდა, იქიდან ქარი აღარ შემოდის. როგორი არქიტექტურა და განაშენიანებაა ეს? ქალაქის არასწორი განაშენიანება გამოიწვევს მასობრივ მოწამვლას.
მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი არ ნიავდება ისე უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი. ამ დროს მტკვარი უნდა იყოს ყველაფრის გამტანი, თუმცა ასე აღარ ხდება, ადრე დიდი დიღომიდან მონაბერი მცირე ქარი ქალაქს ანიავებდა 6-7 მ/წმ სიჩქარით, მაშინ როცა ქარის სიჩქარე 13 მ/წმ იყო, ახლა ასე აღარ არის.
როდესაც ჰორიზონტალური განიავება არ ხდება და ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება, დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და კიდევ უფრო გაიზრდება.
მტკვრის მარჯვენა მხარე არის განსაკუთრებით საშიში - საბურთალოს ტერიტორია, ვაკე, ყველა ცენტრალური უბანი. საბურთალოს ბაზართან 35-სართულიანი სახლი შენდება. მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს თბილისს, ელემენტარულად, მშენებლობის სამინისტრო უნდა არსებობდეს, მაგრამ ესეც გაუქმდა“, - განაცხადა სიმონ ბარამიძემ.