სეპარატისტები წყალს ისევ დაეპატრონენ

სეპარატისტები წყალს ისევ დაეპატრონენ

[ლევან სეფისკვერაძე]
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის მხარემ დამატებითი სამხედრო კონტინგენტი შეიყვანა.

ჯავის გზით 30 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა ცხინვალში 2 ივნისს შევიდა. სატვირთო მანქანებზე შეიარაღებული და მაღალ დონეზე ეკიპირებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ე.წ. შემტევი კონტინგენტის შეყვანა არა მხოლოდ ქართული, არამედ ოსური მხარის შეუთანხმებლად და არაკანონიერად მოხდა.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება რამდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე შევიდა სამაჩაბლოში. რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ამ ეტაპზე ოქიციალური ციფრებს სავარაუდოდ 2-3-ჯერ აღემატება.

როტაციის სამდღიანი ვადა დღეს იწურება, თუმცა, ცხინვალიდან რუსულ მხარეს პირადი შემადგენლობა და ტექნიკა არ გაუყვანია. დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა შიშობს, რომ რუსეთის მხრიდან დამატებითი ძალების შეყვანა ცხინვალში მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე მიუთითებს.

რუსების მხრიდან ასეთი ტიპის პროვოკაცია უკვე აღარავის უკვირს, თუმცა გასაკვირია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომალიც სამაჩაბლოში გატარებული პოლიტიკის თანამიმდევრულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და რეალურად არ ჩანს ის ბერკეტები, რითაც ქართული მხარე რუსული აგრესიის ახალ ტალღას აღკვეთავს.

დავით ქრისტესიაშვილი პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრი: – “რაც ჩვენი სოფლებიდან გამოგვყარეს, იმის შემდეგ თვე არ გავა ისე, რომ რუსული რაიმე ახალი სამხედრო შენაერთი ცხინვალში არ შევიდეს. მიკვირს, ან სად ეტევა ამდენი ჯარისკაცი და ტექნიკა და ან რატომ უნდათ ამდენი შეიარაღება ერთ პატარა ადგილზე. საქართველო ახლა ომის დამწყები რომ არაა, ეგ ისედაც ჩანს. თუმცა ჩვენ რას გავუგებთ რუსებს, რომლებსაც თვალი სულ ჩვენს შეცდომებზე უჭირავთ. ერთ პატარა “ფეხის გადაბრუნებას” ელოდებიან და მერე მთელს მსოფლიოს შეყრიან და ჩვენ გამოგვაცხადებენ აგრესორებად”

იმედისმომცემ პროგნოზებს არც საქართველოს ძალვბანი სტრუქტურები იძლევიან. ჩვენთან საუბარში კონფლიქტის ზონაში განთავსებული ერთ-ერთი ქართული სამშვიდობო შენაერთის წევრი ამბობს, რომ: „სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული და ვერავინ იტყვის, უახლოეს მომავალში ოსური და რუსული მხრიდან რას უნდა ველოდოთ”, თუმცა, ახალი ომის დაწყების ქართულ ჯარში ნაკლებად სჯერათ.

ილია ჯავახიშვილი. დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი. „ომის დაწყება არც ერთ მშვიდობიან მოსახლეს არ გვინდა, და დარწმუნებული ვარ ოსებიც ამ აზრზე არიან. ჩვენი მთელი ცხოვრება საკუთარი სახლების აშენებას და ბაღების მოვლას შევალიეთ და ომმა შეიძლება მთელი ეს ნაწვალევი გაგვინადგუროს. განა ოსებს არ უყვართ ეს მიწა?! ისინიც აქაურები არიან და აქ გაიზარდნენ, განა ისინი ვერა ხვდებიან, რომ ომი მათაც დაღუპავთ, მაგრამ მაგათ არავინ არაფერს არ ეკითხება და ყველაფერს მოსკოვში წყვეტენ“.

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა პერიოდულად სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში ექცევა ხოლმე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის გადაწყვეტს კოკოითი სარწყავი არხის გადაკეტვას. ამ ზაფხულს ლიახვის ხეობაში დიდი სიცხეები იყო და სარწყავი წყალი როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, სწორედ მაშინ გადაკეტეს არხი სეპარატისტებმა.

დღეს სოფლები: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი და ზემო და ქვემო ხვითი ფაქტობრივად წყლის ბლოკადაში არიან, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ შეპირებულ ახალი არხილს გაყვანას საშველი არ დაადგა, სეპარატისტები კი წყალს კეტავენ და თუკი წელს მოსავალი ვერ მოიწიეს, ამ ზამთარს შიმშილი ემუქრებათ.

ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ხვითელმა გლეხმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მცირე აქციაც კი მოაწყო წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მაგრამ ამ კუთხით სასიკეთო დ არაფერი შეცვლილა. როგორც ამ მცირე აქციის მონაწილე ერთ-ერთმა გლეხმა გვითხრა, მათ იცოდნენ, რომ აქციას შედეგი არ მოჰყვებოდა, მაგრეამ მაინც გადაწყვიტეს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, რათა მერე აღარ გაჩენილიყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ კონფლიქტის ზონის მოსახლეობა და რამ განაპირობა მათი უკმაყოფილება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს, ადგილობრივები ჯერ კიდევ არ კარგავენ იმის იმედს, რომ ამ კუთხით რაიმე უკეთესობისაკენ შეიცვლება და ელემენტარულად წყლის პრობლემას მაინც მოაგავრებენ. სხვაგვარად კონფლიქტის ზონაში ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია.