საქართველოს ავტოჰაბის ფუნქციას ახლა ჩინეთი ემუქრება

საქართველოს ავტოჰაბის ფუნქციას ახლა ჩინეთი ემუქრება

ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებლები განგაშის საფუძველს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ იგი საგრძნობლად გაზრდილია. პარალელურად შუა აზიის რეგიონში თავისი ჭარბი პროდუქციით ფეხის მყარად მოკიდებას გეგმავს ჩინეთი. ასეთ ფონზე საქართველოსთვის ჩნდება რისკი, რომ ავტოჰაბის ფუნქცია დაიკარგოს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წელს ყაზახეთის ბაზარზე ავტომობილების რეექსპორტი თითქმის 500 მილიონით გაიზარდა და თუ 2022 წელს ამ ბაზარზე მხოლოდ 106 მლნ დოლარის ავტომობილები გაიყვანეს, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 590 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც საყურადღებოა.

„ეს ერთი მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მეორე მხრივ საგანგაშოა და მე, განგაშის სიგნალს გავუგზავნი როგორც დარგს, ისე ხელისუფლებას, რომ ამ დარგს მიაქციონ ყურადღება. ყაზახეთის ბაზრის შესწავლიდან იკვეთება, რომ ეს არის ერთჯერადი მონაცემები და არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე ის მანიპულაცია, რომ საქართველოდან ყაზახეთში შედის ავტომობილები, რომლებიც საბოლოოდ რუსეთში ხვდება, ამასთან ეს კავშირში, ამ ეტაპზე არ არის.

ზრდა იმასთანაც არის დაკავშირებული, რომ კოვიდის პერიოდში თუ გარკვეული თავშეკავება იყო ყაზახეთის ბაზარზე, 2022 წელს დაწყებული გააქტიურება 2023 წელს გადაითარგმნა შედეგში, მაგრამ თუ ყაზახეთის ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის და ადგილობრივი წარმოების ტენდენციებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან გააქტიურებულია. ჩინური ავტომობილების იმპორტი ფაქტობრივად, გასამმაგებულია. ამასთან, გასამმაგებულია შიდა ლოკალური წარმოებები. აქედან გამომდინარე, ავტომობილების ექსპორტი ამ ბაზარზე ნამდვილად ან ძველ ნიშნულს დაუბრუნდება ან შემცირდება, რასაც საქართველოში ამ სექტორში მომუშავე პირებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

ის მიიჩნევს, რომ სექტორმა არსებული ტენდენციები უნდა გააანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილება ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებული სახსრები ისე ჩააბრუნოს თუ არა ბიზნესის ამ სეგმენტში.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, მაღალი აქტივობა წელსაც ნარჩუნდება. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, ამ ბაზარს 237.2 მლნ დოლარით ავტოექსპორტში მეორე ადგილი უჭირავს ყირგიზეთის შემდეგ (330.5 მლნ). მაჩვენებელი 50.5 მლნ-ით არის გაზრდილი 2023 წლის 5 თვის მაჩვენებელთან შედარებითაც.

პრობლემებს სხვა კუთხით უფრო ამჩნევენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში. ისინი შიშობენ, რომ საქართველოს ავტომობილების რეგიონული ჰაბის სტატუსი რისკის ქვეშაა. საქმე ისაა, რომ ჩინეთი წარმოებას ზრდის და სარეალიზაციოდ ახალ ბაზრებს ეძებს, მათ შორის ერთ-ერთი უმავრესია შუა აზიის ქვეყნები, რომელიც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მთავარი წყაროა.

მალე, შესაძლოა, ჩინეთის სახელმწიფომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მოლაპარაკებები დაიწყოს და აქცენტი ამ ქვეყნებში ჩინური წარმოების ავტომობილებზე გაკეთდეს, რის გამოც საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ჩინეთი ეძებს ავტომობილების რეალიზაციის ახალ ბაზრებს. როგორც იცით, ამერიკული ბაზარი მათთვის ჩაკეტილია, ევროპულ ბაზარზე ჩინური ავტომობილები გაძვირებულია, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ევროპულ მწარმოებლებთან. შესაბამისად, ახლა ცდილობს, შევიდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩვენთან, კავკასიის რეგიონში და გავიდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უნდა გაიყიდოს ეს ავტომობილები.

ამ მოცემულობაში რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ავტოჰაბის ფუნქციას? გამოსავალი იქნება ის, რომ ახალი ბაზრები უნდა მოვძებნოთ და ახალი მოთხოვნა უნდა გავაჩინოთ ჩვენს პროდუქციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად დიდი და მძაფრია კონკურენცია, შეიძლება არა მარტო ერთმა კომპანიამ, არამედ ზოგადად საქართველომ ვერ გაუძლოს. როცა ამას ვამბობთ, ხანდახან გვადანაშაულებენ, რომ ვამძაფრებთ რეალობას, მაგრამ ასე არ არის. იმედია, არ დაგვიდგება ის დრო, როცა ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდება მთავრობაც და ნაწილი ბიზნესის, ვინც პრობლემას ამაში ვერ ხედავს, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ.