ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო. ამ თამაშის ნაწილია, რომ ევროკავშირი რეგიონში უკვე სომხეთზე დებს ფსონს და თითქოს სომხეთს განიხილავს საქართველოს შემცვლელად. ზოგადად, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ამერიკის მხრიდანაც, რომ თურმე სომხეთში უნდა ჩატარდეს სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები და არა საქართველოში.
რამდენად გამოუვათ ევროკავშირს და ამერიკას საქართველოს ჩანაცვლება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ აქამდე ჩვენ ვიყავით დასავლეთის ერთადერთი ოაზისი და დასაყრდენი კავკასიაში, ამჯერად სომხეთის წინ წამოწევით ცდილობენ საქართველოს დასჯას.
დასავლეთმა საქართველოს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება. ამის შესახებ საუბრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
გოგოლაშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან სანქციები უკვე მოქმედებს, რადგან მათი ყველა პროექტის დაფინანსება შეჩერებულია.
„ფერხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება, რომელიც ჩაშვებული იყო. აქ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკისრი თანხები რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება. ეს უკვე არის ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე, ალბათ, თავს შეიკავებენ ამგვარი სანქციისგან, რომელიც დააზარალებს საქართველოს მოსახლეობას. თანაც, როგორ უნდა აწარმოონ პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგი, თუკი ის დასანქცირებული ეყოლებათ?!
ვისზეც არ უნდა დადოს ფსონი ევროკავშირმა და ამერიკამ, რა პრიორიტეტი აქვს საქართველოს ისეთი, რითაც სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ ქვეყანას აღემატება?
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ადასტურებს, რომ დასავლეთს საქართველოს ჩანაცვლების მცდელობა აქვს.
„რა თქმა უნდა, ვხედავ საქართველოს ჩანაცვლების სურვილს ევროკავშირის მხრიდან კავკასიის რეგიონში, ოღონდ ეს არ არის ევროკავშირის დამოუკიდებელი თამაში. ევროკავშირი დღეს მთლიანად გლობალური ომის პარტიის მძევლობაშია, რომლის ყველაზე აგრესიული წარმომადგენელი ამ ეტაპზე არის აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომელიც განაგებს დღევანდელი ევროკავშირის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. ამიტომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ევროკავშირის ხაზით ვხედავთ სომხეთში, სინამდვილეში, ეს არის დღევანდელი აშშ-ის ადმინისტრაციის ხაზი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი შემთხვევითობად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ამ დღეებში სომხეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება USAID-ის შეფი სამანტა პაუერი. ეს ორგანიზაცია ნონ გრატად არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, რადგან პირდაპირ იქნა მხილებული აზერბაიჯანში მაიდანიზაციის მომზადებასა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში. საქართველოში USAID მხილებულია არაკეთილსინდისიერ ქმედებებში. ამ ორგანიზაციის დაფინანსებით საქართველოში შემოიყვანეს მაიდნის ცნობილი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც ამზადებდნენ აქტივისტებს რევოლუციის, გადატრიალების მოსაწყობად.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ასათვისებელი აქვთ USAID-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურად კვებავენ ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობებს, ეს არის სომხეთი, სადაც ეს ქალბატონი სამანტა პაუერი იმყოფება და ცდილობს, მიზიდულობის ცენტრი გადაიტანოს თბილისიდან ერევნის მიმართულებით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მეტ დასაბუთებას მოითხოვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადანაწილდეს.
„ეს ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დაადასტუროს რომელიმე ევროსტრუქტურამ და არა კახა გოგოლაშვილმა, რომელიც არ არის ინფორმაციის სანდო წყარო, რადგან დაინტერესებული პიროვნებაა, რომ ხელისუფლების საზიანო ინფორმაცია გაავრცელოს. ამიტომ, ვიდრე ევროკავშირი ოფიციალურად არ განაცხადებს, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თანხები სომხეთისკენ მიდის, წინასწარ რამის თქმა რთულია. თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს ნაბიჯი მართლაც გადადგას ევროკავშირმა, რადგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გასაგებ მიზეზთა გამო, ურთიერთობები გართულებულია. რაც შეეხება სომხეთს, მათი ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო, რაც რუსეთისგან დისტანცირებას გულისხმობს, ევროკავშირი ამას სომხეთს განსაკუთრებულად უფასებს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge- სთან საუბრისას.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს საქართველოსთან, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ერთადერთი მიზნით - როგორმე არჩევნების წინ შეასუსტონ „ქართული ოცნების“ პოზიციები და არ მისცენ მას არჩევნებში გამარჯვების საშუალება. თუ ევროკავშირში ჩათვლიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ამას ხელს შეუწყობს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, დღეს უკვე ცალსახაა, რომ ევროკავშირი და აშშ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება და ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენა.
რამდენად შეუცვლელია საქართველო დასავლეთისთვის, ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს ისეთი მდგომარეობაა, ფაქტობრივად, რეგიონის ლიდერი აზერბაიჯანია და არა საქართველო, რადგან აზერბაიჯანმა მოახერხა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გარდა ამისა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, აზერბაიჯანის და, ასევე, საქართველოს გავლით მიემართება ენერგომატარებლების ნაწილი ევროპისკენ. შესაბამისად, აზერბაიჯანის როლი გაზრდილია. თუმცა არც საქართველოს როლია დაკნინებული, რადგან საქართველოა ის სატრანზიტო ჰაბი, სადაც გადის ენერგომატარებლები აზიიდან და აზერბაიჯანიდან. პროექტები, რომლის განხორციელებასაც იწყებს ევროკავშირი, მაგალითად, ელექტროკაბელის გაყვანა, ეს საქართველოს გავლით უნდა მოხდეს. ამდენად, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ადგილი.
„ცალკე საკითხია, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენი მნიშვნელობა აღიარებულია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება სომხეთს, თუ საქართველოს წინააღმდეგ წავა, საქართველოდან მისი ტვირთები არ გაატაროთ, საჰაერო სივრცეც ჩაუკეტეთ და ევროებითა და დოლარებით თუ გაძღებიან, იმასაც ვნახავთ როგორ აჭიკჭიკდებიან ეროკავშირის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები!