საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლადო ბურდული, ერონული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს აფასებს. როგორც მან for.ge-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, „ჯვაროსნების“ ევროპაზე გამოსვლა შთამბეჭდავი იყო და მოლოდინს გადააჭარბა.
ლადო ბურდული ასევე, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თავად თამაშობდა ნაკრებში და საუბრობს იმ მიზეზებზე თუ რატომ ვერ ახერხებდა მაშინ ნაკრები წარმატების მიღწევას. ექს-ფეხბურთელი ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ ფედერაციის წინა ხელისფლების დროს, ნაკრების მთავარ მწვრთნელს სიას აწვდიდნენ, თუ ვინ უნდა გამოეძახათ. თავად კი წელიწადნახევარი იმიტომ არ იძახებდნენ, რომ გიორგი ნემსაძის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევაზე და შემდეგ გადადგომაზე, ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ევროპის ჩეპიონატზე როგორ შეაფასებდით?
ლადო ბურდული: საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა. ეს არამარტო გულშემატკივარმა, არამედ იმ ხალხმაც, ვინც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატს აანალიზებს, ერთხმად აღიარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლა იყო შთამბეჭდავი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გამოსვლა შედგა, რადგან არიან ნაკრებები, რომლებიც დებიუტანტები არიან და მარტო ევროპაზე მოხვედრით კმაყოფილდებიან. მთელი მსოფლიო აფასებს, რომ ნაკრებმა ითამაშა ისე, თითქოს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, ხუმრობით იწერებოდა, ისეთი უღიმღამო თამაშებია, დააბრუნეთ საქართველოს ნაკრებიო.
ფეხბურთელებს რაც შეეხება, მათით გაოცებული ვარ. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, თავადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი, ასევე 16-წლამდე და 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად, თავად მითამაშია და ვიცი რამხელა წნეხი აქვს ჩემპიონატს. თუმცა ჩვენი თაობის ოცნება, რომ ეროვნული ნაკრები გასულიყო ევროპის ჩემპიონტზე, ვერ მოხერხდა. ამ ბიჭებმა კი ეს ოცნება აგვიხდინეს. შეიძლება ეს ჩემიონატი უშუალოდ არ მითამაშია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, მეგონა, მოედანზე ვიყავი, ყველაფერს განვცდიდი რასაც ჩვენი მოთააშეები განიცდიდნენ. ეს ბიჭები არიან გმირები.
26 მარტის შემდეგ ყველა აღნიშნავდა, რომ მთავარი იყო ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე და არავინ მოელოდა, რომ ჯგუფიდან გავიდოდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ნაკრების წარმატების ფორმულა, რითაც შეძლეს და გავიდნენ ჯგუფური ეტაპიდან, ითამაშეს მერვედფინალში, ჩაატარეს საუკეთესო თამაშები და დღემდე მსოფლიო მათზე საუბრობს?
- ამ ანალიზამდე რომ მივიდეთ, განვიხილოთ ეტაპები. პირველი, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და ეს ოცნება ახდა. პირველი თამაში, გინდა თუ არ გინდა, ნერვიულობის ფონზე იყო. საერთოდ, ამხანაგურ შეხვედრას სხვა დატვირთვა აქვს, შესარჩევს სხვა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს სხვა დატვირთვა აქვს. შეიძლება ერთი და იგივე გუნდთან სხვადასხვანაირად ითამაშო. ამიტომ, პირველ თამაშში ვიცოდით, რომ ცოტა შებოჭილები იქნებოდნენ. თუმცა, მიზანი იყო, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გასულიყვნენ. ეს იყო მთავარი ამოცანა. ამის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ადაპტაცია მშვენივრად გაიარეს. ვიტყოდი, რომ თურქეთთან ძალიან მაგრად ითამაშეს, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ანახეს. უბრალოდ, დაბოლოებებში ცოტა ნერვიულობა ეტყობოდათ, ორჯერ, დარტყმის დროს, ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი შეუშალეს, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, თურქეთთან ჩვენ რომ გვქონდა მომენტები, ამდენი სხვა ნაკრებებს არ ჰქონია. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შეიძლებოდა პირველივე თამაში მოგვეგო კიდეც. ამ თამაშის მერე წნეხი მოეხსნათ და უკვე დარწმუნდნენ, რომ ევროპაზე მოგებაც შეიძლებოდა. ჩეხეთთან თავისუფლად შეგვეძლო სამი ქულის აღება. ბიჭებმა იწამეს, რომ მოწინააღმდეგე ნაკრების ფეხბურთელების მოტყუებაც შეიძლება, კარშიც შეგვიძლია დარტმა. ჩეხეთთან დისციპლინირებული თამაში იყო, ცოტა იმათი უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ შედეგზე ორიენტრებულები იყვნენ და ფრედაც დასრულდა. მესამე თამაში ყველამ ნახა თუ როგორ იფრინეს ჩვენმა ბიჭებმა. ყველამ როგორ შეიძლება ევროპის ჩემპიონს მოუგოს?! არავინ მითხრას პორტუგლიის მეორე შემადგენლობას მოვიგეთო, პირიქით, იმ მომენტში რონალდუს უნდოდა გატანა, რათა გამხდარიყო რეკორდსმენი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ხანდაზმული მეგოლე იქნებოდა. მას ხორვატმა მოდრიჩმა გადაუსწრო და მაქსიმალურად ცდილობდა გოლი გაეტანა დ ტიტული დაებრუნებინა. ამ სამი თამაშის ფონზე, ჩვენ გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის წნეხიც, ზეწოლაც, მოვერგეთ გულშემატკივრიანად და გავედით მერვედფინალში, რომელსაც არავინ ელოდა. საოცარი ზეიმი იყო. მერვედფინალს რაც შეეხება, იგივე ესპანთმა, რომელიც შესარჩევ ეტაპზე გვეთამაშა და 7:1 მოგვიგო, სულ სხვა თამაში ვეთამაშეთ. პირველი გოლი მიიღეს საკუთარ კარში და ვიგებდით კიდეც, რომ არა მსაჯების უხეში შეცდომა, 4:1 არ დასრულდებოდა. მათ ფეარ ფლეის (სამართლიანი თამაში) წესები დაარღვიეს, როდესაც კიტეიშვილი წაქცეული იყო და ბურთი არ გადააგდეს. მეორე - პასიური თამაშგარე მგომარეობა იყო, მორატა მამარდაშვილს ფარავდა, ჩვენი მეკარე ვერ ხედავდა დარტყმის დროს ბურთის სად იყო, რის გამოც გაგვიტანეს. „ვარის“ ეს კარგად უნდა დაენახა. ასევე მიქაურტაძეზე შეიძლებოდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ არც ის მომენტი არ გადაიხედა. პირველი ტაიმი 1:0 რომ დასრულებულიყო, პენალტი რომ დადებულიყო, კვარაცხელიას ცენტრიდან დარტმული რომ შევარდნილიყო, 1:4 არ წავაგებდით. სასწაული გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა. მათ სისცოცხლის ელექსირი თავიდან გადმოგვისხეს და ქართული ფეხბურთი გააღვიძეს.
გუნდურობა ახსენეთ, ნათლად ჩანს, რომ ნაკრები ერთმუშტად არის შეკრული. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების პარალელურად, საქართველოში ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით კამპანია იყო წამოწყებული, რომ მას პოლიტიკური ნიშნის გამო არ ათამაშებდნენ. ამ კამპანიამ რამდენად იმოქმედა თავად ფეხბურთელზე და გუნდზე? რამდენად მოქმედებს თამაშებზე გარე ზეწოლები?
- ყველა ნორმალური ადამიანისგან იყო მოწოდება, რომ დაანებეთ ბუდუს თავი. ყველას დიდი პატრიოტი ეგონა თავი და ეგონათ, რომ ბუდუ იჩაგრებოდა - რადგან ბუდუ იყო იმ კანონის წინააღმდეგი, ამიტომ არ ათამაშებდნენ. როგორ შეიძლებოდა მთვარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ პერიოდში ასეთი წნეხის ქვეშ ყოფილიყო, ადამიანი, რომელმაც ასეთი ზეიმი გვაჩუქა. მაშინ ქოჩორაშვილთან დაკავშირებითაც ისმის კითხვა, მანაც ხომ დაწერა პოსტი? ეს იყო თითიდან გამოწოვილი თემა. ვიტყოდი, რომ ამით თავად ბუდუს აზარალებდნენ. ასეთი წნეხი, რომ ბუდუ გმირია, ბუდუ იჩაგრება, გუნდში, გინდა არ გინდა, უხერხულობას იწვევს. იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით მას უხერხულობის გრძნობას უქმნიდნენ. ეს მიზანმიმართული კამპანია იყო. რატომ არ იყო ქოჩორაშვილზე? იმიტომ რომ, მათ ძალიან კარგად აქვთ ნასწავლი, რომ კონკრეტულად ერთზე უნდა გამოვიდნენ, რათა ძალები არ გადანაწილდეს. როგორ შეიძლება ფედერაციას დააბრალო და სანიოლს დააბრალო, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ათამაშებს ფეხბურთელებს?! ჩემი პროფესიული აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ათამაშებდა ბუდუს. ბუდუ ძალიან კარგია, როდესაც პირველ ნომრად ვთამაშობთ. ლუქსემბურგთან ორი გოლი გაიტანა, რადგან მაშინ იქ ჩვენ ვიყავით ფავორიტი და ის გუნდი თამაშობდა მეორე ნომრად. ამიტომ, ჩვენ მძიმე ფორვარდი გვჭირდებოდა, რომელიც თავით ითამაშებდა. როდესაც ეთამაშები, ჩეხეთს, თურქეთს, პორტუგალიას, სადაც ისინი დომინირებდნენ, სადაც შენ თამაშობ მეორე ნომრად, გჭირდება სწრაფი ფეხბურთელი, რომ დარტყმიდან შეტევაში გადახვიდე, რა თქმა უნდა, კვარაცხელია და მიქაუტაძეს ბადალი არ ჰყავთ სისწრაფეში. ფლანგებზე კაკაბაძე და წიტაშვილი სწრაფები არიან, აქედან გამომდინარე ირჩეოდა შემადგენლობა.
ჩამოვიდა ნაკრები, დახვდა გულშემატკივარი ანშლანგით, იყო ფეხბურთელების ქება-დიდება, თუმცა მეორე დღეს როდესაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა გუნდმა მიიღო „ქართუ“ ფონდისგან 30 მილიონი და ნაკრების კაპიტანმა და შემდეგ სხვა ფეხბურთელებმაც მადლობა გადაიხადეს, ქება-დიდება გადაიქცა ლანძღვად. რატომ წამოვიდა ასეთი საპირისპირო კამპანია, რატომ არ მოეწონა საზოგადოებას ფეხბურთელების მხრიდან მადლობის გადახდა?
- სახელი და გვარი არ მახსოვს, ერთმა პიროვნებმა ჩვენი ფეხბურთელები „კიკუდ“ მოიხსენია, ეს ადამიანი პატრიოტიზმზე დაგვიწყებს ლაპარაკს, სამარცხვინოა. მის გვერდში დგომაც კი სამარცხვინოა. პრემიალურ თანხასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ. ყველა ერთპიროვნულად ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი გზა ევროპაა და ჩვენი გზა არის მამული, ენა, სარწმუნოება. ამით გვიცნობს მსოფლიო და ამით გვინდა მიგვიღოს ევროპამ. ყველას კარგად ახსოვს რა მოხდა, როდესაც ჩვენ რუსეთს მოვუგეთ. მანამდე პირველი პირებისგან იყო დაპირება, თუ თქვენ მოუგებთ გმირები გახდებით და თუ წააგებთ მოღალატეებად გამოგაცხადებთო. ჩვენს დროს ასეთ ხელშეწყობა არ იყო. ამ ბიჭებს, მარტო ბიძინა ივანიშვილმა და ფონდ „ქართუმ“ კი არ უნდა გაუკეთოს პრემია, სხვბმაც. ჩემს სოციალურ ქსელს რომ გადახედოთ, ნახევრად იუმორში მიწერია, რომ აბა, ბიზნესმენებო დამენახეთ, სად ხართ?! მე ვთვლი, რომ ამ ბიჭებისთვის 30 მილიონიც ცოტაა. ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“, მოჭიდავეებს, მძლეოსნებს, რაგბს თუ აფინანსებს და პრემიას აძლევს, რატომ გახდა ამ ბიჭებზე საყვირალი? როგორ იქამდე მორაგბეები არ იღებდნენ პრემიას, ან მოჭიდავეები? სად იყო იქამდე ეს ხალხი? ახლა, იმის ნაცვლად, რომ ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ, სპორტს ამხელა ყურადღება ექცევა, პოლიტიკურში გადაჰყავთ. რატომ მამუკა ხაზარაძისგან არაფერი არ წამოვიდა? ცუდი იყო, როდესაც სიამაყის გრძნობა ჰქონდა და დროშას აფრიალებდა? რატომ სხვა ბიზნესბენებისგან არ წამოვიდა ინიციატივა? რატომ არ იმსახურებენ ეს ბიჭები, როდესაც ბედნიერებისგან ყველა ტიროდა, როცა ჯგუფიდან გავედით? რა მნიშვნელობა აქვს ერთი ძალა მოგცემს პრემიას თუ მეორე, მადლობა არ უნდა გადაეხადათ? პირიქით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ძალიან ცუდი იქნებოდა. ვიხსენებ რუსეთთან მატჩს და ის მოგება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობის მოგების ტოლფასი იყო. მაშინ თავისუფლებაზე ხალხი რომ შეიკრიბა, ჩვენ იგივე ემოციები გამოვცადეთ, რაც ამ ბიჭებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ერთი თეთრი არავის უჩუქებია. ფედერაციის სწორი მუშაობის დამსახურებაა, რომ დღეს მთავრობა მის საქმიანობაში არ ერევა. კი, ოქროს ბიჭები გყავს და ჩვენ დროსაც ოქროს ბიჭები ვიყავით, მაგრამ მაშინ ხდებოდა მწვრთვნელის ამა თუ იმ მიზეზებით დანიშვნა და შემადგენლობის შერჩევაც ჩარევით ხდებოდა. ახლა ეს აღარ ხდება. ხალხმა ეს რომ არ დაინახოს, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაფერს სხვას არ ვაბრალებ, ჩვენც დავაკელით მაშინ, რადგან სხვა დრო იყო.
იმ პერიოდის ნაკრების წევრები ყველა საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობდით, მაგრამ სანაკრებო შედეგი არ იყო. იმის გარდა რაც დაასახელეთ, კიდევ რა იყო კონკრეტულად ამის მიზეზი?
- ერთ სიტუაციას გავიხსენებ და შორს არ წავალ. რუსეთთან ივო შუშაკი როდესაც დანიშნეს მწვთნელად, მოგების შემდეგ დადებითად შეფასდა მისი მუშაობა, შემდეგ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი იყო. ვიღაცას მთავრობაში არგენტინელი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი მოსწონდა და ჩამოიყვანეს. ერთ-ერთ მწვრთნელს სიას აძლევდნენ, ვინ უნდა გამოეძახა და ვინ არა. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ასე არ იყო და ლადო იტყუება, წინ დავუჯდები და ფაქტებს დავუდებ. ასევე, გიორგი ნემსაძე ფედერაციის მწვრთნელი რომ გახდა და რამდენიმე საათში გადადგა, ჟურნალისტებმა რამდენიმე ფეხბურთელს სიტუაცია შეგვაფასებინეს და ვთქვით, რომ არასწორი საქციელი იყო. მაშინ ჩვენი აზრის დაფიქსირების გამო, ნაკრების ოქროს პერიოდი გამოგვატოვებინეს. შედარებას ეს ხალხი თუ ვერ ხედავს, აგერ ვარ და ვიტყვი ყველაფერს. დღეს ყველაფერი გამჭვირვალეა.
წარსულს თუ გადავხედავთ, ბიძინა ივანიშვილს სურდა ფეხბურთის განვითარება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს, რატომ?
- ფონდი „ქართუ“ 100 მილიონით რომ მივიდა და მხოლოდ ერთი ბუღალტერის დასმა ითხოვეს და უარი უთხრეს, ფული დაგვიტოვე და წადითო, ეს ფული ბიძინა ივანიშვილმა სად წაიღო? - რაგბს მოახმარა და რაგბის საქმე როგორ წავიდა ყველა ვხედავთ. ახლა რაგბით რომ ამაყობენ, ვისი ფულით აყვავდა?! ეს ხომ სიმართლეა, ეს ხომ ფაქტებია.
რუსეთთან მოგებას და შემდეგ საზეიმო აღნიშვნას მინდა დავუბრუნდე. რომ დავაზუსტოთ, ის ღონისძიება ბადრი პატარკაშვილმა მოაწყო და მან გიმასპინძლათ? სურდა თუ არა იმ დროს ბადრი პატარკაციშვილს თანხების ჩადება და იყო თუ არა ხელის შეშლა?
- „დინამო’ თბილისი ჩემპიონი რომ გახდა, ბადრი პატარკაციშვილმა მაშინ გვიმასპინძლა. მაშინ ფეხბურთშიც და კალათბურთშიც ერთდროულად გავხდით ჩემპიონები. იმ დროს საკალათბურთო კლუბი „დინამოც“ ბადრისი იყო. მაშინ გვიმასპინძლა და დიდი ბანკეტი გააკეთა. იმ პერიოდში „დინამო“ რომ კარგად იყო, ეს მისი დამსახურება იყო. ბადრის პერიოდში გავედით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. იმ დროს საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი, დსთ-ს თასი - ყველაფერი მოვიგეთ. „დინამოს“ ბაზა ბადრიმ გააკეთა, სტადიონი მან გაარემონტა. თუმცა, ნაკრებთან შეხება არ ჰქონია. ნაკრებთან მხოლოდ ის შეხება ჰქონდა, რომ ივო შუშაკს უფლება მისცა პარალელულად „დინამოს“ მწვთნელიც ყოფილიყო და ნაკრებისაც და თუ არ ვცდები, შუშაკის სანაკრებო ხელფასიც ბადრი პატარკაციშვილმა აიღო საკუთარ თავზე.
ღირსების ორდენების გადაცემაზეც თქვენი აზრი საინტერესოა, როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილმა რატომ შეცვალა სია, ვინ აიძულა ამის გაკეთება?
- ძალიან კარგია, რომ შენი ქვეყანა გაფასებს და ღირსების ორდენს გაძლევს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ეკუთვნის ღირსების ორდენი. არავინ არ თქვას, რომ ეს წარმატება მარტო ფეხბურთელებისგან მოდის. კიდევ ვიმეორებ, ფეხბურთელები ჩვენს დროსაც ძალიან კარგები იყვნენ, გვყავდა ქინქლაძე, ჯამარაული, კალაძე და ა.შ. მაგრამ რაც ფედერაცია ერთ გუნდად შეიკრა, ნაკრების წარმატებაც მოვიდა. მე თუ მკითხავთ, ფედერაციის თითეულ წევრს ეკუთვნის ღირსების ორდენი. ფეხბურთელების ეს წარმატება საიდან მოდის? ისინი არამარტო 90 წუთი არიან ერთად, არამედ მოედნის გარეთ, ოჯახებით მეგობრობენ, ერთად ატარებენ დროს, ერთიანობა აქვთ და ეს ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა.
დაბოლოს, სექტებერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება და როგორ ფიქროთ, შეძლებს ერონული გუნდი ჯგუფური ეტაპის დაძლევას და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას?
- ძალიან რთულ ქვეჯგუფში ვართ. ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის თამაშს დავესწარი და ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ. ჩეხეთს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს, ალბანელებმა ყველა ლიდერს გოლი გაუტანეს, ამიტომ ძალიან რთული თამაშები გველის. თუმცა, უკან დასახევი აღარ არის. ამ ბიჭებმა ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, შეიძლება ვცდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მაგრები იქნებიან, უფრო დაიხვეწებიან და მაგარი ნაკრები გვეყოლება.