ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო და პრობლემები პირველივე დღეებიდანვე გამოიკვეთა

ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო და პრობლემები პირველივე დღეებიდანვე გამოიკვეთა

საქართველოში ხორბლის მოსავლის პროგნოზი ბოლო დღეებში შეიცვალა და თანაც უარესობისკენ. მიზეზი უამინდობაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის დეფიციტის წინაპირობაა, ფასი მაინც არ იზრდება, რაც უკვე გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებასან არის დაკავშირებული. ასეთი რეალობა კი ადგილობრი ფერმერებს ძალიან რთულ ვითარებაში აყენებს.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, კომპანია შირაქის დამფუძნებლის ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა. თანაც ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპირობებს.

თავიდან ხორბლის მოსავლის კარგი მაჩვენებლები იყო, მაგრამ ამ ინტენსიურმა წვიმებმა გააფუჭა, დასეტყვა რაღაც ფართობები, ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია. სადრენაჟე სისტემებია მოშლილი. სწორედ ინტენსიურმა წვიმებმა გამოიწვია ის, რომ ბევრი ფერმერი ვერ იღებს მოსავალს ალაზნის პირზე.

საჰექტრო მოსავალი თავიდან იყო კარგი, მაგრამ ახლა იკლო, ზოგან სეტყვა მოვიდა, ზოგან ვერ იღებენ, გაჭიანურდა, ამ დროს დამთავრებული უნდა იყოს ხორბლის აღება. ფაქტობრივად, ნახევარზე მეტი ასაღებია დედოფლისწყაროში და სიღნაღში.

რაც შეეხება ღირებულებას, ძირითადად, საქართველო ვერ ადებს ხორბალს ფასს, იმიტომ რომ, იმპორტზეა დამოკიდებული 80% და მეტიც. წელს უფრო მეტიც იქნება დამოკიდებული, რადგან არ დაითესა ის რაოდენობა ფართობების, რაც შარშან, რადგან ვერ გაყიდეს ფერმერებმა თვითღირებულებაშიც და იცით, რომ ამ მხრივ პრობლემები იყო. შესაბამისად, წელს მოსავალი ნაკლები იქნება, შარშანდელთან შედარებით“, - განუცხადა ბენიაიძემ ბიზნესპრესნიუსს.

მისი თქმით, ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ხორბლის ღირებულებაა, რაზეც გავლენას იმპორტირებული პროდუქტი ახდენს. გასული 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა და თუ მესამე წელსაც, ღირებულება არ გაიზრდება, ფერმერები საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ.

კოტრდებიან ფერმერები, ზოგი მიწას ყიდის, ზოგი ტრაქტორს, ან საწყობს. ამ ფასებში (ხორბლის ფასი) თავის გატანა ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, მესამე წელი დაიწყო და 2 მოსავალი უკვე გაიყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, როგორ გაუძლებენ ამას?! წარმოუდგენელია.

მთავრობამ გადადგა კარგი ნაბიჯები, შემოიღო იაფი სესხი, საწვავი დააფინანსა, ტრაქტორი, კომბაინი, მაგრამ როდესაც თვითღირებულებაშიც ვერ გაყიდი, რით უნდა გადაიხადო ბანკის სესხი, ტრაქტორის გადასახადი და ..?!

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტენდენცია, ფასის მატების, დაწყებულია. შარშან იყო 45 თეთრი, ახლა არის 53 თეთრი, მაგრამ ეს არ არის ფასი, ეს არ არის გაყიდვა. არ ვიცით რა ხდება, რუსეთიდან შემოტანილი ჯდება გაცილებით ძვირი - 80 თეთრზე მეტი, დავაკლოთ დღგ ამ ყველაფერს და იმ ფასად მაინც არ იყიდება.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გააჩნია მიდგომას. ფერმერებს აქვს იმედი, რომ რუსეთში მოიყინა რაღაც ფართობები და ის რაოდენობა და ფასი ვეღარ ექნება. ისეთი რამე ხდება, ვერ აგვიხსნია, დეფიციტია, მოთხოვნა არის, მაგრამ ფასი არ იწევს (მაღლა)“, - განაცხადა ბენიაიძემ, რომელმაც დასძინა, რიმ ამ ეტაპზე, ადგილობრივი ფერმერის გადასარჩენად, ხორბლის ოპტიმალური ფასი 70 თეთრია.

რეალურად კი ჩრდილოთიდან სულ სხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთში მოსავლიანობის შემცირების ხარჯზე ფასი კი არ იკლებს, არამედ - იზრდება. ამის მიზეზი რუსეთში დაფიქსირებული ცხელი ამინდებია, რამაც ხორბლის მოსავლის აღება დააჩქარა, ნედლეულით მოვაჭრეებს კი კონკურენტ ქვეყნებთან შეჯიბრება უწევთ.

რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ფასები ჯერ კიდევ მაისში გაზარდა, როდესაც სეზონისთვის შეუფერებელმა ყინვამ და მშრალმა ამინდმა მარცვლეულის მოსალოდნელი მოსავლიანობის გადახედვა გახადა საჭირო. გაზრდილი საექსპორტო ფასის გამო კი რუს ექსპორტიორებს სხვადასხვა შეთანხმების გაუქმებაც მოუწიათ. მაგალითად, ბოლო თვეებია, უფრო დაბალი ფასის ფასების გამო, ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ეგვიპტე, ნედლეულს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყიდულობს.

შავი ზღვისპირეთში ცხელი ამინდი ხორბლის მოსავლის აღებას აჩქარებს, რაც მოსავლის წნეხს ქმნის, განსაკუთრებით რუსეთის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებზე ცნობების გავრცელების შემდეგ. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ივნისი რეკორდული იყო რუსული ხორბლის ექსპორტისთვის, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

რუსეთიდან ხორბლის ექსპორტმა ივნისის თვეში, საშუალოდ, 4.3 მილიონი ტონა შეადგინა - 14%-ით უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ექსპორტის მაჩვენებლები ივლისში, სავარაუდოდ, შემცირდება.

რუსეთი ხორბლის მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა 2024-25 წლის სეზონზე შედარებით შემცირებულ მოსავალს ელოდება, ორწლიანი რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ.

ლევკოთეა არ მესმის. თუ ფერმერს თავისი სათესლე მასალა აქვს, ფლობს ტრაქტორს, კომბაინს და სასაწყობე მეურნეობას, რანაირად ახერხებენ ყოველ წელს ზარალზე ყოფნას?
მესმის, რომ შეიძლება ერთი წელი ზარალზე გახვიდე. მაგრამ ყოველ წელს ხომ არ შეიძლება, რომ ამ თემაზე იყოს საუბარი და მთავრობას სთხოვდე, კიდევ მოუმატე იმპორტირებულ ხორბალს გადადახადიო?
მე თვითონ მომყავდა წლების წინ მარცვლეულის მოსავალი. არც ტრაქტორი მყავდა, არც კომბაინი, არც სასაწყობე მეურნეობა და მიწაც იჯარით მქონდა, მაგრამ ზარალზე მხოლოდ ერთხელ გავედი.
თან, ეხლა ისეთი ძვირია ბალახის პრესი, რომ ხორბლის ნამჯასაც პრესავენ და იყიდება. ადრე ხორბლის ნამჯის დამზადება და ტრანაპორტირებაც კი არ ღირდა დაბალი ფასის გამო.
2 დღის უკან