„ჭირი იქა, ლხინი აქა“ - საქართველოს ნაკრების ზღაპარი ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა, თუმცა ბიჭები სახლში ბრუნდებიან თავაწეულები, ამაყები და ბედნიერები. „ჯვაროსნები“ 1/8 ფინალში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, ესპანეთს დაუპრისპირდნენ და შეიძლება ითქვს, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატთან დამარცხდნენ.
რაც მთავარია, ესპანეთი აქამდე ისე მოვიდა, რომ გოლი არ ჰქონდა გაშვებული და სწორედ, ქართველებისგან მიიღეს პირველი გოლი. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მეტოქის უპირატესობით დაიწყო. ქართველ ფეხბურთელებს კონტრშეტევაზე გადასვლაც უჭირდათ, თუმცა შეტევამ შედეგი მაინც გამოიღო. მოედნის ცენტრში ბურთის შენარჩუნება გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა, ფლანგზე ოთარ კაკაბაძე მოძებნა, მისი ჩაწოდებული ბურთი კი საკუთარ კარში რობინ ლე ნორმანდმა ჩაჭრა. როგორც სხვა თამაშებშიც, ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი დიდებულად თამაშობდა. მეტოქემ ტაიმის მიწურულს მაინც გაათანაბრა. გოლი საჯარიმოს მისადგომებიდან როდრიმ გაიტანა, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ ტრავმირებულმა ოთარ კიტეიშვილმა (მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო) ზონის გადაკეტვა ვერ მოახერხა. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს ალვარო მორატაზე პასიური თამაშგარის დაფიქსირება შეიძლებოდა, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირედით ასცდა, ამის შემდეგ კი საკუთარ კარში კიდევ სამი გოლი მივიღეთ და საბოლოოდ, „ჯვაროსნები“ 1:4 დამარცხდნენ. ამგვარად, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ტურნირის მასპინძელი გერმანია იქნება.
მარცხის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები მაინც ამაყები გამოდიოდნენ გასახდელიდან. ისინი ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდიდნენ. ხვიჩა კვარაცხელია ქომაგებს კიდევ უფრო დიდ წარმატების მიღწევას დაპირდა.
ხვიჩა კვარაცხელა: „ჩვენს გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე დადებითად შევაფასებ, რადგან ოცნება ავიხდნეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ცოტა არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმის ბოლოს ბურთი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა. გოლიც 50/50-ზე იყო. ვფიქრობ, არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მამარდაშვილზე მორატა პასიონურად მოქმედებდა და გიორგი ბურთს ვერ ხედავდა. არა უშავს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ბედნიერიბი ვართ. ალბათ, გამოცდილებაც დაგვაკლდა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით, რომ წინ წავიდეთ. ისევ და ისევ ასეთ დიდ ტურნირებზე უნდა მოვხვდეთ. ჩვენ ვიმსახურებთ იმას, სადაც დღეს ვართ. გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მართლა არ ველოდით ამდენი ადამიანი თუ მოვიდოდა, რადგან ბევრს ალბათ, არ ეგონა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით. ასე ერთიანად და ასე გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ. მადლობა იმათაც, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. ყველამ ერთად წინ და წინ უნდა ვიაროთ“.
„იცით რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ, აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან თამაშის შემდეგ განაცხადა.
„პირველ ტაიმში შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა, რაც არის დაცვითი ფეხბურთი და შემდეგ ტალანტის საშუალებით წინ გადასვლა, რაც მოვახერხეთ, მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც კიტეც დაიმტვრა და ყველაფერი თითქოს შეიცვალა. ალთუნაც კარგად გამოვიდა, მაგრამ დაგვაკლდა. მექვაბიშვილიც დისკვალიფიცირებული იყო. შევეცადეთ, რომ მეორე ტაიმშიც გაგვეგრძელებინა იგივე, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება, იმიტომ რომ, ჩვენი პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ.
როდესაც ნაკრებში მოვდივარ, სანამ წამოვალ, ყოველთვის დიდი სიხარული მაქვს, იმიტომ რომ, თითქოს ჩემი ოჯახია. ჩემი ოჯახია, სადაც მოვდივარ. შემიძლია ვიხუმრო, შემიძლია ვითამაშო, ყველაფერი გავაკეთო და ამიტომ, ძალიან დიდი მოლოდინით დაველოდები შემდეგ შეკრებას, რათა უფრო მეტად გაძლიერებული დავბრუნდეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ ვეთამაშთ ძალიან ძლიერ გუნდს, მაგრამ პირველ ტაიმში ვანახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთ დიდ გუნდთან ბრძოლა“ - განაცხადა ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტეიშვილმა. „ვფიქრობ და ბიჭებიც დამეთანხმებიან, რომ ესპანეთი ამ ჩემპიონატის ფავორიტია და დიდი შანსია, რომ მოიგონ კიდეც. ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან ძლიერ გუნდს. პირველ ტაიმში ვანახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთ დიდ გუნდთან ბრძოლა. თუმცა, დავიღალეთ, ვეცადეთ გვებრძოლა ბოლომდე. გოლის გაშვების შემდეგ ვეცადეთ წინ წავსულიყავით, მაგრამ წავაგეთ. მამარდაშვილი რომ არ ყოფილიყო, დიდი ანგარიშით წავაგებდით. ძალიან მაღალი დონის გუნდია ესპანეთი“, - განაცხადა წიტეიშვილმა.
„პირადად მე მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ“ - თქვა „ჯვაროსნების“ კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც ნაკრებში 119-ე მატჩი ჩაატარა. „ვფიქრობ, ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი იყო ძალიან საინტერესო. მაგარი თავგადასავალი გამოვიდა, ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვისაც. ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში. მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავ. ესპანეთთან თამაშს რაც შეეხება, პირველი ნახევარი გეგმას მივყვებოდით და ძალიან კარგად გავართვით თავი ჩვენს სათამაშო გეგმას. მეორე ნახევარში, სამწუხაროდ, კიტეიშვილის დამტვრევის შემდეგ საერთოდ შეიცვალა თამაშის ხარისხი“, - აღნიშნა კაშიამ.
„ევროპის ჩემპიონატის ფავორტ გუნდთან დავმარცხდით“, - თქვა მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა და დასძინა: „შეხვედრა რთული გამოვიდა. დასანანია მარცხი, მაგრამ ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ამ ჩემპიონატის ფავორიტები არიან. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, მაგრამ ფეხბურთია, ხდება შეცდომები, ხანდახან იპარება. საბოლოო ჯამში, ჩემი ნაკრებით ვამაყობ, ქვეყნით, გულშემატკივრებით. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოვიდა. 1/8 ფინალში გავედით, ეს გამოცდილებაა და შემდეგში კიდევ უფრო გაგახარებთ“.
„ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.
„რა თქა უნდა, სამწუხაროა, რომ 1/8 ფინალიდან გამოვვარდით, თუმცა რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი არი ფავორიტი ამ ჩემპიონატის და ვფიქრობ, რომ მოიგებენ. სამწუხროა, რომ 1/8 ფინალში ესპანეთი შეგვხვდა. მაგრამ ეს ყველაფერი დასასრული არ არის. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენი ირწმუნონ. აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში“, - თქვა „ჯვაროსნების“ გოლკიპერმა, რომელიც ჩეხეთთან მატჩის დროს უეფამ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც ბოლო კვირებში გავაკეთეთ. ძალიან რთულია, მხოლოდ და მხოლოდ ამ ოფსაიდზე ვისაუბროთ. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, ცხადად, თამაშგარე იყო. თუ ნიდერლანდების გოლი საფრანგეთთან თამაშგარე იყო, დღეს 10-ჯერ მეტად იყო. VAR ფეხბურთში შესანიშნავია, მაგრამ არ ვიცით, სწორად როგორ გამოვიყენოთ. გადაწყვეტილებას იღებენ იგივე ადამიანები, შეიძლება წინ 10 ეკრანი ჰქონდეთ, მაგრამ ერთი და იმავე ეპიზოდებს სხვანაირად აფასებენ, ამას ფეხბურთელები ვერ იგებენ. არ ვიცით, VAR სწორად როგორ გამოვიყენოთ. ალბათ, მომავალში ამ მხრივაც დაიხვეწება მდგომარეობა“.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც სექტემბრიდან იწყება.
„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე საუბარი მგონი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი, კარგი პერიოდებიც, მაგრამ ყველგან ასე ხდება. ახლა, უნდა დავსხდეთ მშვიდად, გავაანალიზოთ რა გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვიქნებით ბოლო პერიოდის შედეგებით, რადგან ნაკრების ევოლუცია ფანტასტიკური იყო, ძალიან ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგი გზა კიდევ უფრო დადებითი იქნება“, - თქვა სანიოლიმ.
ფრანგმა სპეციალისტმა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზეც გააკეთა კომენტარი: „თუ კვარას სურს, უნდა წავიდეს, მაგრამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. „ნაპოლი“ კარგი გუნდია, პატივისცემას იმსახურებს და მასთან კონტრაქტი აქვს. „ნაპოლი“ იქნება თუ „პსჟ“, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მას საუკეთესო მომავალს ვუსურვებ და უბრალოდ, მინდა, რომ ბედნიერი იყოს და ითამაშოს დიდი ემოციით“.
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): „ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები სახიფათო იყო კონტრშეტევებიდან, გოლმა თავიდან დაგვაბნია, მაგრამ შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და 8:1-იც შეიძლებოდა ყოფილიყო ანგარიში. თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი შევქმენით. ეს მოგება დასაფასებელია, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები ანგარიშში, ზოგჯერ წინ გახვალ, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ჩვენ უფრო ცივი გონებით უნდა მივუდგეთ თამაშს, ალბათ, ცივმა ოფლმაც დაგვასხა გოლის გაშვების შემდეგ, მაგრამ შევძელით თამაშის გაკონტროლება. ყველა სიტუაცია გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ, რადგან ყველაფრისგან ვსწავლობთ. ვიცით, როგორია ფეხბურთი და ეს გამოცდილებაა, ჩვენ ნებისმიერი ტიპის გარემოებისთვის მზად ვართ“.
რა თქმა უნდა, საქართველო-ესპანეთის მატჩს სტადიონიდან გულშემატკივრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მატჩის შემდეგ, პრემიერმა ქართველი ფეხბურთელები ჯერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა. „მადლობა ღირსეული თამაშისთვის!“, - დაწერა პრემიერმა და შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაიწერა ისტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
„პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში იყო რთული, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ. ეს არის ისტორია, პირველ რიგში, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატება შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით, დღეს ვართ უფრო წინ, ვიდრე ვიყავით გუშინ. აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებმა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“, - წერს იგი.
სტადიონიდან გულშემატკივრობდა თბილისის მერი კახა კალაძეც, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრებს, ბიჭებს ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. ჩემთვის გამარჯვებაა ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპაზე, 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და ვაჩვენეთ კარგი თამაში, ვიბრძოლეთ ბოლომდე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთის ნაკრებთან. არ შემიძლია არ გამოვყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის სამწვრთნელო ჯგუფთან ერთად. მართლა ძალიან ბევრი იშრომა ამ ადამიანმა და ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს მიეღწია წარმატებისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრი გახარებულია, ბევრს გული დაწყდა, მაგრამ ერთი რამ ვიცოდეთ, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, დავმარცხდით, თუმცა გული და სული ჩადეს ბიჭებმა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და სასიამოვნოა ის, რომ ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები და გვყავს ძლიერი ეროვნული გუნდი“,- აღნიშნა კალაძემ.
ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჟურნალისტებთან საუბრის გარდა, ქართველ ფეხბურთელებს მადლობა სოციალური ქსელითაც გადაუხადა.
„ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.
მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები. დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის. წინ ბევრი გამარჯვება გველოდება! საქართველო, არ გაჩერდე!“, - დაწერა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ესპანეთის თამაშს გამოეხმაურა. „მადლობა ბედნიერებისთვის, თავგანწირული ბრძოლისთვის, ღირსებისთვის, იმედისთვის, ქვეყნის და ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის!!!“, - წერს მდინარაძე.
საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მადლობა ღირსეული თამაშისთვის!“, - აღნიშნავს იგი.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პატივისცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი და გრძნობით სავსე შესრულებისთვის ევროპის ჩემპიონატზე. მოუთმენლად ველოდები თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე“, – წერს პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ვამაყობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ მოუტანეთ სიხარული და პატივი საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივარის გული მთელ მსოფლიოში. მადლობა ამ შესანიშნავი თამაშებისთვის“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.