ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ზღაპარი გრძელდება - შემდეგი გაჩერება ესპანეთის ნაკრებია

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ზღაპარი გრძელდება - შემდეგი გაჩერება ესპანეთის ნაკრებია

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ქართველია, საუკეთესო მეკარე ქართველია… ევროპის ჩემპიონატზე ქართველების ზღაპარი არ დასრულებულა.

თამაშის სტარტი ისეთი გამოდგა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა - მე-2 წუთზე ანტონიო სილვამ შეცდომა დაუშვა, ბურთი გიორგი მიქაუტაძეს ჩააბარა, მან კი ფლანგიდან შეტევაში ჩართული ხვიჩა კვარაცხელია მოძებნა და ნაპოლის ვარსკვლავმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გოლი გაიტანა.

პორტუგალიას ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ძალიან აქტიურობდა რონალდო, რომელიც მსაჯსაც ხშირად ეკამათებოდა და ყვითელ ბარათსაც გამორჩა.

შესვენების შემდეგ მეტოქემ კიდევ უფრო გაშმაგებულმა შემოგვიტია, თუმცა, უშედეგოდ. პორტუგალიელებისთვის ყველაფერი 57-ე წუთზე დასრულდა - ყველაფერი შეტევაში ჩართული ლოჩოშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომელსაც ანტონიო სილვამ ფეხი დაუდო და მსაჯმაც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. დიოგო კოშტამ მიქაუტაძეს კუთხე კი გამოუცნო, თუმცა, მეცის ფორვარდმა მაინც შეაგდო და 3 გოლით ევროპირველობის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

საბოლოოდ, 2:0 და საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია და 30 ივნისს კიოლნში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ და ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდიდნენ გვერდში დგომისთვის. როგორც ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიჭების ოცნება იყო, რომ სტადიონზე ისეთი ქომაგობა ყოფილიყო, როგორც სახლში.

„დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ბიჭებს ყველას მადლობა, გულშემატკივრებს მადლობა. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო. მიხარია ასეთი საქართველოს ნახვა. გულშემატკივრის სასწაულ მხარდაჭერას ვგრძნობთ, განსაკუთრებით გასვლით შეხვედრებში, თითქოს სახლში ვთამაშბდით. ფეხბურთელების ოცნება იყო, რომ სადღაც უცხო ქვეყანაში ისე გვერგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი დიდი მადლობა მათ“, - აღნიშნა კაშიამ.

მატჩის შემდეგ თამაშის გმირმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მისი კუმირს რონალდუს მაისური გაუცვალა. როგორც „ნაპოლის“ ფეხბურთელმა განაცხადა, მატჩის დაწყების წინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მას წარმატება უსურვა.

„ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც ერთი პროცენტი არის შანსი, ყველაფერს შეძლებ. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ.

ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების პირველი და ისტორიული გამარჯვება გიორგი წიტაიშვილმაც შეაფასა:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, ვინც აქ მოვიდა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ შეძლეს და ჩამოვიდნენ. ეს იყო ჩვენი მადლობა, მათთვის ვინ აქ ჩამოვიდა, გვიყურებდა, გვერდში გვედგა და სჯეროდა ჩვენი. მოედანზე არანაირად არ იგრძნობოდა, რომ პორტუგალიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. პირიქით, მათი მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო, რომ თამაში არ მისდიოდათ. ჩვენ კი ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, რომ ხალხი ისევ გაგვეერთიანებინა. ისევ 26 რიცხვს დაემთხვა და მგონი, ყველაზე კარგი რიცხვია, რაც შეიძლება იყოს. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რადგან ეს ისტორიული გამარჯვებაა.

ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივით იყო, ხვლიდან კი ესპანეთთან ჩასატარებელ მატჩზე ვიფიქრებთ. ყველას ეგონა, რომ საქართველო უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ დიდი ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“ - განაცხადა წიტაიშვილმა.

„სულ ვცდილობდი გოლის გატანას“ - ასეთი რამ თქვა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა: „დღეს კიდევ ერთი გოლის გატანით და პორტუგალიასთან მოგებით ძალიან გახარებული ვარ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩამოვიდა გერმანიაში“.

„სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს“ - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა შემდეგ მატჩზეც, რომელიც ესპანეთთან გაიმართება.

„ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა.

„გულწრფელად რომ გითხრათ,საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში. რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. დღეს ბევრი სიტყვის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი დ პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.

საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში უდიდესი სამუშაო შეასრულა და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამი არ არის გამორჩეული, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, ისინი გამორჩეულები არიან და მათით ვამაყობ. მარტში მაქსიმუმი გავაკეთეთ, როდესაც ევრო 2024-ზე გავედით. კიტეიშვილმა დღეს როგორი მატჩიც ჩაატარა, ნახეთ. მის კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტოპ-5 ლიგის გუნდში უნდა თამაშობდეს“ - აღნიშნა ვილი სანიოლმა.

„ჯვაროსანთა“ თავკაცის საპირისპირო ემოციები ჰქონდა პორტუგალიის მთავარ მწვრთნელს რობერტო მარტინესს.

თამაში ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, გოლი სწრაფად გავუშვით, სწორედ ეს სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ვეცადეთ გოლის გატანას, მაგრამ ვერ შევძელით, რითაც საქართველომ მეტი თავდაჯერება შეიძინა და მათ დამსახურებულად მოიგეს.

საქართველომ თავისი ისტორიის მატჩი ითამაშა, ეს იყო მათთვის შესაძლებლბა პლეი ოფში გასულიყვნენ. ჩვენთვის ძალიან რთული იყო იმავე ინტენსივობით თამაში, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს“.

პორტუგალიელთა მავარმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების მეკარე უკვე სამი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს, კვარაცხელიაც ერთ-ერთი საუკეთესოა, ტექნიკური შესაძლებლობები საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი აქვს, მოველოდით მათგან ასეთ თამაშს, ჰქონდათ თავდაჯერებაც. გუნდს სწრაფი გოლიც ეხმარება. ჩვენთვის ერთადერთი სიურპრიზი სწრაფი გოლი იყო. ვილი სანიოლმაც წარმოუდგენლად ბევრი სამუშაო შეასრულა და ნამდვილად დასაფასებელია საქართველოს ნაკრები“ - განაცხადა მან.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაკრების გამარჯვებით ბედნიერი და ამაყია.

საოცრება ხდება. მართლა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ასეთი გუნდი გვყავს. მთლიანად საქართველოს გილოცავთ, წარმოუდგენელი დღეებია და გრძელდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ვისიამოვნებთ, რადგან მართლა საოცრებაა, რასაც ბიჭები აჩვენებენ. უნდა ნახოთ, გასახდელში რა ხდება - ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ამაყები, ჩვენი ქვეყნის დროშით და ეს ისტორია გრძელდება, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ეროვნულ გუნდს გამარვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე, რომელიც ფეხბურთელებს სტადიონიდან ამხნევებდა.

„სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა. ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. ბოლომდე იბრძოლეს. გარდა ბრძოლისა, ქართველებს ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. სასწაულია. პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როცა ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის მართლაც საოცარი. მადლობა ბიჭებს. ამას განსაკუთრებული ფასი აქვს, რადგან პორტუგალიამ ბოლომდე იომა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა გასვლის შანს, მაინც ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ, ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია. ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაში რთული ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც, დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ. დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

გერმანიაში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე, რომელსაც თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა და ისე აღნიშნა ქართველების გამჯარვება.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარვებას. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარი, ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნის წარმატება უხარია, ბიჭების წარმატება უხარია, დღეს არის უბედნიერესი. საოცარი ფეხბურთი აჩვენა ჩვენმა ეროვნულმა ნარებმა. გული, სული ჩადეს, ძალიან მაგრად ითამაშეს. მინდა ქართველ გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველის“, - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარის გარდა მერმა სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა: „აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

საქართველოს ნაკრებს გამარვება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. „ჩვენ ვართ საქართველო! - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პირდაპირ ეთერში სიმღერა მიუძღვნა. „ეს არის ქართული ხასიათის, ქართული ჟინის, ქართული შემართების ხარჯზე“, - აღნიშნა მან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ნაკრებს გამარვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:2024 წლის 26 ივნისი დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება - ევრო 2024-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე, ფლეი-ოფში გავიდა! ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ გამარჯვებას! გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ ჩვენმა ბიჭებმა არნახული თამაში უჩვენეს და ღირსეულად დაამარცხეს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი.

მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და იმ სიხარულისთვის, რაც თითოეულ გულშემატკივარს თქვენი გამარჯვებით გვაჩუქეთ! მადლობა იმისთვის, რომ გერმანიის სტადიონებზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ჰიმნი არაერთხელ გააჟღერეთ. დარწმუნებული ვარ, დღეს, ისე როგორც არასდროს, თქვენი გამარჯვებით ამაყი და ბედნიერია თითოეული ქართველი! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! წინ, დიდი გამარჯვებებისკენ! - წერს განათლების მინისტრი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

ასევე, საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას ულოცავს.

„ჩვენი კვარას გოლმა ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გაიყვანა. გილოცავთ, - წერს ნაპოლი სოციალურ ქსელში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გამარჯვებას უცხოური პრესაც გამოეხმაურა.

CNN Portugal პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება. „ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოცნებას აცოცხლებს“, - წერს პორტუგალიური ტელეარხი.

ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე საქართველოს ოცნების დასაწყისი მოუტანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში BBC Sport წერს.

წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.

„კვარას გაელვება: „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ორ წუთზე ნაკლებ დროში პორტუგალიას გაუტანა და საქართველოს ოცნებას უნარჩუნებს“, - წერს იტალიური გამოცემა.

 

არაგველი641 ქართული გენი ცოცხალია!!! გილოცავთ ყველას ამ დიდ სიხარულს!!!
5 თვის უკან
amo პაიჭაძის, ჯეჯელავას, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ჩივაძის, მაჩაიძის, გუცაევის, ყიფიანის ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაიქუხა!
5 თვის უკან
მერაბ.g დავიწყებ იმით, რომ "კიდევ ერთხელ დაიქუხას" აუცილებლად აკლია ხურცილავა და შენგელია!
რაც გუშინ გაკეთდა, ეს იყო შესაძლებლობის ზღვარზე გავლა! მესამე თამაში, ყველაზე ძლიერთან, ყველაზე კარგად ვითამაშეთ; კვარამ ანახა, რომ ის კვარაა! მიქაუტაძე ევროპული დონის ვარსკვლავია ...მამარდა ჯადოქარია... ზოგადად სანიოლის აღმოჩენაა თვითნაბადი მარგალიტი "პიტბული' ქოჩორა და აშკარად საჭირო გველესიანი ... ესპანეთი? გუშინდელის დონის თამაში ვაჩვენოთ!
5 თვის უკან