კანადელი მსახიობი და პროდიუსერი დონალდ საზერლენდი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში შიმშილის თამაშები, წინა კვირას 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალებას კინოს ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორის კირა ნაითლი, რომელიც დონალდ საზერლენდთან ერთად მონაწილეობდა ფილმში სიამაყე და ცრურწმენა.
"დონალდი გიგანტი იყო. მსახიობთა უმეტესობის გაცნობისას ხვდები, რომ ისინი გასაოცრად დაბლები არიან, თუმცა დონალდი უსაშველოდ მაღალი იყო. მახსოვს, პირველად რომ ვნახე, მისი ზომისა და რეპუტაციის გამო შეშინებული ვიყავი. დონალდის კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მის სიახლოვეს მოწევის უფლება არავის ჰქონდა. ქასთის წევრების უმეტესობა 20-იან წლებში ვიყავით და, ცხადია, ყველანი ვეწეოდით.
სიგარეტის მოწევის შემდეგ ხელებს მანიაკურად ვიბანდით და სუნამოს მთელ სხეულზე ვისხამდით, დონალდს სუნი რომ არ ეგრძნო. ის სეტზე მოსვლისთანავე ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ჩვენ კი ნერვიულად ველოდებოდით დასკვნას. ფილმის გადაღებისას ერთ-ერთ წვეულებაზე აირწინაღით მოვიდა, რათა ყველას თავისუფლად შეგვძლებოდა მოწევა. ყოველთვის მემახსოვრება წვეულების ცენტრში მდგომი შენიღბული დონალდი.
ის საშიში, დიდსულოვანი და გამჭრიახი იყო. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ ყველა დაგვასაჩუქრა და კანადაში, საკუთარ ტბაზე დაგვპატიჟა. ნეტავ წავსულიყავი. დონალდი ისტორიებითა და თავგადასავლებით იყო სავსე. უცნაური იყო, საოცარი და ყველას უყვარდა. ძალიან მომენატრება," — განაცხადა კირა ნაითლიმ.
მსახიობის გარდაცვალებას საზერლენდის სხვა კოლეგებიც გამოეხმაურნენ — განცხადებები გაავრცელეს რალფ ფინესმა, კევინ მაკდონალდმა, ელიოტ გოულდმა და ა.შ.