ავსტრალიაში, ტასმანიაში ახალი და ძველი ხელოვნების მუზეუმმა Mona პიკასოს ნამუშევრების ნაწილი ქალთა საპირფარეშოში გადაიტანა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთ ზომას მუზეუმში სასამართლოს დადგენილების შემდეგ მიმართეს, რომელმაც მუზეუმი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ გამოფენაზეც კაცების დაშვება დაავალდებულა. მუზეუმის მფლობელის ცოლმა კირშე კეჩელემ Instagram-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო საპირფარეშოდან, რომლებზეც ესპანელი მხატვრის 2 ნამუშევარი ჩანს.
„ახალი გამოფენა Mona-ში. მხოლოდ ქალბატონებისთვის“, - ასეთი წარწერა დაურთო კეჩელემ პოსტს და დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მუზეუმში მხოლოდ უნისექს-საპირფარეშოები იყო, ახლა კი ისინი სქესის მიხედვით არის დაყოფილი.
მანამდე მუზეუმში პიკასოს ნამუშევრები 2020 წელს გახსნილი ექსპოზიციის Ladies Lounge ნაწილი იყო. ამ გამოფენაზე მხოლოდ ქალებს უშვებდნენ. დარბაზში ქალბატონებს კაცები ემსახურებოდნენ, მაგალითად აწვდიდნენ შამპანურს. ავტორების ჩანაფიქრით, გამოფენის სტუმრებს თავი კაცებისგან იზოლირებულად უნდა ეგრძნოთ.
თუმცა შარშან ერთმა კაცმა, რომელიც გამოფენაზე არ შეუშვეს საჩივარი დაწერა და სასამართლოს მიმართა. ტასმანიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქმე კაცების დისკრიმინაციასთან ჰქონდა და მუზეუმს ვითარების გამოსასწორებლად 28 დღე მისცა. Mona-ში კი გადაწყვიტეს, რომ პიკასოს საპირფარეშოში გადატანით სასამართლოსაც დაემორჩილებიან და გამოფენის არსსაც შეინარჩუნებენ.