ჩარლზ დარვინი ევოლუციის თეორიის გამო მეცნიერებს შორის ძალიან დაფასებულია. თუმცა, მისი იდეა, რომ ადამიანების გარდა სხვა ცხოველებსაც აქვთ ცნობიერი, ასეთივე "დაფასებული" არ იყო. და, აი, ახლა ნელ-ნელა ამის გადააზრებაც ხდება...
"არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ადამიანებსა და სხვა ცხოველებს შორის სიამოვნებისა და ტკივილის, ბედნიერებისა და უბედურების განცდის მხრივ", — წერდა დარვინი.
თუმცა, მისი იდეა, რომ ცხოველები ფიქრობენ და გრძნობენ, განიხილებოდა როგორც მეცნიერული ერესი.
დარვინის თანამედროვეებს მიაჩნდათ, რომ ამ იდეას არ ჰქონდა მეცნიერული საფუძველი და არ არსებობდა გზა იმის შესამოწმებლად, თუ რა ხდება ცხოველების გონებაში.
ახლა ასე აღარ არის და ჩნდება შეკითხვა, თუ მივიღებთ ახალ მტკიცებულებებს იმაზე, რომ ცხოველები გრძნობენ და ამუშავებენ ინფორმაციას, შეიძლება ეს ცნობიერების არსებობად აღვიქვათ?
ჩვენ ახლა ისიც ვიცით, რომ ფუტკრებს შეუძლიათ დათვლა, ცნობენ ადამიანის სახეებს და სწავლობენ იარაღების გამოყენებას.
ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლარს ჩიტკა ფუტკრის ინტელექტის ბევრ კვლევებზე მუშაობდა.
"თუ ფუტკრები ასეთი ჭკვიანები არიან, იქნებ მათ შეუძლიათ იგრძნონ ის, რაც ცნობიერების მახასიათებელია", — ამბობს ჩიტკა.
ჩიტკას ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტრავმული მოვლენების შემდეგ ფუტკრები თავიანთ ქცევას ცვლიდნენ. მეტიც, მათ შეეძლოთ თამაში! ფუტკრები პატარა ხის ნამცეცებს აგორავებდნენ, რაც, ჩიტკას თქმით, მათთვის გასართობი იყო და ამით სიამოვნებას იღებდნენ.
ამ შედეგებმა ცხოველთა კვლევის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი მეცნიერი შემდეგ განცხადებამდე მიიყვანა: "ყველა იმ მტკიცებულების გათვალისწინებით, რაც გამაჩნია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ფუტკრებს ცნობიერება გააჩნიათ", — თქვა ჩიტკამ.
ასე არ არის მხოლოდ ფუტკრის შემთხვევაში. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ისრების გადატანა ოკეანეებისკენაც შეგვიძლია. ასეთ მკვლევრებს შორისაა ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი, ჯონათან ბირკი.
"ამ მხრივ ჩვენ სულ უფრო გამბედავები ვხდებით. საჭიროა მეტი კვლევა და გაბედული შეკითხვების დასმა", — ამბობს ბირკი.
ბირკის თქმით, ჯერ ვერ ვადასტურებთ, რომ ცხოველები ცნობიერი არსებები არიან, მაგრამ ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს.
ეს ეხება არა მხოლოდ ისეთ განვითარებულ ცხოველებს როგორებიცაა მაიმუნები და დელფინები, არამედ საუბარია უფრო მარტივ ორგანიზმებზე: გველები, რვაფეხები,კიბორჩხალები, ფუტკრები და შესაძლოა, ხილის ბუზებიც კი
მეორე საკითხია, საერთოდაც რა არის ცნობიერება? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მეცნიერები ამაზეც ვერ თანხმდებიან.
ამის ადრეული მცდელობა მე-17 საუკუნეში იყო, როდესაც ფრანგმა ფილოსოფოსმა, რენე დეკარტმა შემდეგი სიტყვები თქვა: "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ". მან ისიც დასძინა, რომ "ენა აზროვნების ერთადერთი პირდაპირი ნიშანია, რომელიც სხეულში იმალება".
სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ანილ სეთი ამბობს, რომ დეკარტის ხსენებული გამონათქვამი დიდი ხანია რაც მოძველდა.
"ეს სამება: ენა, ინტელექტი და ცნობიერება დეკარტიდან მოდის, თუმცა ბოლო კვლევები ამ ყველაფერს საეჭვოს ხდის", — განუცხადა სეთიმ BBC News.
ამან ბიჰევიორიზმამდე მიგვიყვანა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. მასში ნათქვამია, რომ აზრები და გრძნობები არ შეიძლება შეფასდეს მეცნიერული მეთოდებით და ამიტომ უნდა იყოს იგნორირებული ქცევის გაანალიზებისას.
ცხოველების ქცევის მრავალი ექსპერტი ამ შეხედულებით იყო ჩატარებული, მაგრამ ეს ძირითადად ადამიანური პრიზმიდან ხდებოდა.
"რადგან ჩვენ საგნებს ადამიანის ლინზიდან ვხედავთ, მიდრეკილნი ვართ ცნობიერება ენასა და ინტელექტს დავუკავშიროთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ორი ჩვენში ერთდროულადაა, არ ნიშნავს, რომ ისინი პირდაპირ ურთიერთდაკავშირებულია", — ამბობს სეთი.
არიან მეცნიერები, რომლებიც სიტყვა ცნობიერების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.
"ეს არის სიტყვა, რომელსაც ბევრი ადამიანი თავდაჯერებულად იყენებს, მაგრამ მასში ყოველი მათგანი განსხვავებულ რამეს გულისხმობს. ამიტომ, რთულია გავიგოთ თუ რა იგულისხმება ცნობიერში", — ამბობს კვებეკის უნივერსიტეტის პროფესორი, სტევან ჰარნადი.
ისინი ვინც ცხოველებში ცნობიერების არსებობას კრიტიკულად უყურებენ ამბობენ, რომ დასკვნების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მათი თქმით, საჭიროა ახალი და შემდგომი კვლევები.
და მაინც, რა იქნება შემდეგი? მეცნიერები თანხმდებიან, რომ ცნობიერების შესასწავლად მეტ ცხოველზე დაკვირვებაა საჭირო.
"ამჟამად, ჩვენ ძირითადად ადამიანებსა და მაიმუნებს ვსწავლობთ. ამით საქმე რთულდება, რადგან არ ხდება ცნობიერის საწყის დონეზე შესწავლა", — ამბობს კრისტინ ენდრიუსი, ფილოსოფიის პროფესორი და ცხოველების გონების შემსწავლელი მკვლევარი.
ენდრიუსს მიაჩნია, რომ ადამიანებზე და მაიმუნებზე კვლევა უფრო მაღალი დონის ცნობიერის შესწავლაა. ამის პარალელურად, იგნორირება ხდება ცნობიერების უფრო საბაზისო დონის.
არსებობს მილიონობით სხვადასხვა ტიპის ცხოველი და ჩვენ ჯერ ისევ არ ვიცით, თუ როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს. ერთი რამ ფაქტია, სამყარო არ არის ერთფეროვანი და შესაბამისად, ვერც მისი აღქმა იქნება ცალსახა, ამიტომ ყველა ის "ლინზა" საინტერესოა, რომლიდანაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი სამყაროს აღიქვამს.