ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, ლეგენდარულ სელინ დიონს სცენაზე დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. კანადელი პოპვარსკვლავი გადაცემა Today-სთან უახლეს ინტერვიუში ღიად საუბრობს პროგრესირებად დაავადებაზე და თავის სურვილზე, ყველაფრის ფასად დაუბრუნდეს მონატრებულ მსმენელს.
"მე სელინ დიონი ვარ. საკუთარი სახელის წარმოთქმა მაშინებს, რადგან ის ხშირად მესმის", — აღნიშნავს მუსიკოსი, — "როცა თავს ცუდად გრძნობ, საკუთარი სახელის გაგონება არ გსურს. არ ვიცოდი, ვინ ვიყავი, რადგან აღარ ვარ ის, ვინც წინათ გახლდით. მინდოდა, საკუთარი თავის გმირი, ჩემი საუკეთესო ვერსია ვყოფილიყავი. თუმცა, ჯერ კიდევ შეუპოვარი ვარ. შოუ უნდა გაგრძელდეს".
სელინ დიონმა 2022 წლის მიწურულს განაცხადა, რომ გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას. სინდრომი, რომელიც პირველად 1950-იან წლებში აღიწერა, მილიონში ერთ ადამიანს ემართება. ამის გამო, დაავადებაზე სათანადო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არაა ჩატარებული. თუმცა, სელინის თქმით, სინდრომის სიმპტომებმა თავი ჯერ კიდევ 2000-იანებში იჩინა და მისი ყოველდღიურობა შეცვალა.
"უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, [დაავადებამ] ჩემი მთელი ცხოვრება მოიცვა", — აღნიშნავს დიონი, — "წარმოიდგინეთ, ჩემი შვილები რომ გორგოლაჭებით დაქროდნენ და ერთ-ერთმა კოჭი იტკინოს; რა თქმა უნდა, არ მეტყვიან, რადგან გორგოლაჭების გახდას მოვთხოვ. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც: გაჩერება არ მინდოდა. მსურდა, სცენაზე დავრჩენილიყავი. ჭკვიანურად მოქცევას სიმამაცე ვამჯობინე. არასწორად მოვიქეცი".
იმის შიშით, რომ სცენას არ ჩამოშორებოდა, ჯანმრთელობის პრობლემის გამოვლინებას სელინი თურმე ხან მიკროფონს აბრალებდა, ხანაც მსმენელს სთხოვდა, მასთან ერთად ემღერა. თუმცა, ინტერვიუერის შეკითხვაზე, დაავადებამ რა წაგართვათო, მომღერალი მტკიცედ პასუხობს — არაფერიო.
"ხოხვაც რომ მომიწიოს, სცენას მაინც დავუბრუნდები. ხელებით ლაპარაკიც რომ დამჭირდეს, მაინც. ამას ვიზამ", — ამბობს მუსიკოსი და ამით მილიონობით ფანსაც აძლევს იმედს.