59 წლის იტალიელი დიჯეი ფაბერ მორეირამ (DJ Faber) 10 დღისა და 4 საათის განმავლობაში უკრავდა და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დიჯეი-სეტის კატეგორიაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნი ავრცელებს.
DJ Faber-მა თავისი გამოსვლა 15 მაისს დაიწყო და 26-ში, დილით ადრე დაასრულა. სცენა ყველა საჭირო ნივთით იყო აღჭურვილი, მათ შორის საწოლით. წესების მიხედვით, დიჯეის ჰქონდა შესაძლებლობა აქტივობის ყოველი საათის შემდეგ 5 წუთით შეესვენა. მორეირას 15-15 წუთი ეძინა, რათა მის ორგანიზმს ღრმა ძილის ფაზაში გადასვლა არ მოესწრო.
დიჯეის თქმით, პირველმა დღეებმა შედარებით მარტივად ჩაიარა, მაგრამ მეხუთე დღეს ის უკვე გრძნობდა ძილის უკმარისობას. მორეირას პირდაპირ მიქშერთან რომ არ ჩასძინებოდა, მას რამდენიმე ადამიანი აკვირდებოდა და როგორც კი ხედავდნენ, რომ თვალებს ხუჭავდა, აფხიზლებდნენ.
რეკორდის ჩათვლისთვის კიდევ ერთი პირობა იყო საჭირო - დარბაზში მუდმივად სულ მცირე 10 მოცეკვავე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამასთან, DJ Faber-ი არ იყენებდა აქტივობის არანაირ სტიმულატორს, არ ეწეოდა, არ სვამდა ყავას და ალკოჰოლს. მარათონისთვის ის 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა.
წინა რეკორდი დიჯეი ნორბერტო ლოკოს ეკუთვნის, რომელმაც 10 წლის წინ 200-საათიანი სეტი ჩაატარა.